ეპიტაფია სვეტიცხოვლის აღმშენებლისა


არა მყოლია მეციხოვნენი.
არა ვყოფილვარ მეტის მთხოვნელი,
მე შევქმენ მხოლოდ სვეტიცხოველი!
მარადისობას შეჭიდებული
არვის ვეგონო ძე დიდებულის,
გვარიც არ მქონდა ძველი, ქებული.
არა მწყალობდა ბედი და ღმერთი,
ხან სიხარული დამქონდა მკერდით,
აღვივსებოდი ჟამიჟამ სევდით.
მე თვით უარვყავ ცხოვრება მშვიდი
და მყუდროების სავანე ფლიდი...
ვიდექ: ვძერწავდი, ვჭრიდი... და ვშლიდი.
სიტკბოებისთვის კარი დავხურე,
ხან ვიშიმშილე, ხან ვიმარხულე
და ღვთის სახელით ხალხს ვემსახურე.
ქმნა კეთილისა ყოფილა ჯვარცმა...
რამდენი ლოდი დავლეწე კაცმა!
რამდენჯერ ვიგრძენ მიმწუხრის განცდა!
რაც კი ძალმედვა, არ დავიშურე,
ქვაზე ჩუქურთმა ვაშარიშურე,
იშვა ტაძარი და... შავი შური.
როგორ შევჩივლო მშობლიურ ტყე-ველს,
ვისაც მივენდე, ვინც აღვაზევე,
უარმყოფელი გამიხდა მევე.
მანაც დამიგმო ნამოღვაწარი,
ახლა მცხეთაში თქვენს წინ რაც არი
და მომაყარა თვალში ნაცარი.
თვალებში თვითონ ჰქონია ნისლი,
სიყვარულის წილ ლაჩრული ზიზღი, _
ღმერთმა მიაგოს, ღირსია რისიც.
ჰკიოდა შური რისხვით და მდურვით:
_ რომ არ გვასვენებ, რად არ გვასვენებ,
რომ აღაშენე რად აღაშენე?!
და... ხალხის თვალწინ მომჭრეს მარჯვენა!
არცა მეფემ და ქვეყნის გამჩენმა,
არც ვინ იჩქარა გადასარჩენად...
ხუროთმოძღვარი რაა უხელოდ? _
ის, რაც მთიბავი არის უცელოდ,
ძმობილი უძმოდ, სოფელი უგზოდ,
ზეცა უმზეოდ, მამა უძეოდ,
სახლი უკაროდ, ქარი უქაროდ,
ეზო უჭიშკროდ, მშვილდი უისროდ.
ძარღვი უსისხლოდ, მთები უნისლოდ,
ნანა უდროოდ, მუხა ურტოოდ,
სატრფო უცრემლოდ (ანდა უჩემოდ!)...
ქვაში ავანთე ფერი ყოველი.
მე დაგიტოვე სვეტიცხოველი
და არ გეგონო მეტის მთხოვნელი:
ხალხო მშობელო, ბრძენო, მაშვრალო,
თუ გსურს, ამაყად ფრთები გაშალო,
შვილებს ოცნება უნდა აცალო.
უნდა აცალო ფიქრი და დარდიც!
მადლი ამქვეყნად შუქივით დადის,
არ დაუკარგო ნამცეცა მადლი.
არაკაცს ნუღარ მისცემ არჩევანს,
მაღლა ასწიე ჩემი მარჯვენა
ბევრი მარჯვენის გადასარჩენად!
იკმარე ჩემი მოჭრილი ხელი,
იყავი შვილთა ერთგულთა მცველი,
თორემ ბასრია სიკვდილის ცელი,
და სინანული იქნება გვიან,
და გმინვა გულის იქნება გვიან,
და სიყვარულიც იქნება გვიან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი