მათე არაგველი (გიორგი კბილცეცხლაშვილი)


ასეთი ლექსებიც იწერება დღეს...

წრე
I
ცოცავს კედელზე ფიქრის ხვიარა
ცივ სასთუმალთან ახალ ლექსს ვუზი...
მე ვფლობ ღიმილის ბირთვულ იარაღს
და უნიკალურ ტანჯვის ექსკლუზივს.
ისევ მატულობს ძალა თავს ზევით,
სადღაც სიცივის ეშხით იწვიან. 
და უმაღლესი გონის მთამსვლელი
იწყებს ურთულეს ექსპედიციას.
სწრაფად იზრდება ღამე - შროშანი,
და მანქანების მოდის მდინარე.
და ჩემი მზერა ისე შორს არის
მიცვალებულებს ვხედავ ბრწყინვალედ.
ისე გაიგეთ, როგორც გენებოთ...
ვზრდი შემცირებულ ხილვის პიქსელებს.
გაბრაზებული ვთიშავ ტელეფონს
და ანგელოზთა ნომრებს ვიხსენებ.
II
ვწერ მარტოობის ერთგულ მიჯნურებს
გავარვარებულ გულის მინანქარს.
და ჩემს ოთახში მდგარი სიჩუმე
ძვირადღირებულ სიტყვებს ინახავს.
და საუკუნეს რომ შევეფარდო, 
და გავუტოლო თავი ამ ციფრებს.
გამხმარ ხეებზე მე უნებართვოდ
კვლავ ფანტაზიის ნაყოფს ვამწიფებ.
ახლა კი კედლებს მსურს, მივახალო,
რომ უსახლკარო სივრცის დარდი მკლავს.
მე დაგანახებთ ნამდვილ სამყაროს
და საფლავების მთელ რომანტიკას.
III
თოვს და ფიფქების გარდა ამინდებს
აღარაფერი აქვთ საამაყო.
მე ახლა გარეთ უნდა გავიდე
და ქალაქს ჩემი თავი ვანახო.
მაგრამ… (და აქაც ნათქვამ “მაგრამ”-ში
აზრი მუდმივი ცვლით გაუხეშდა)
ქარი შემხვდება, როგორც ლაგრანჟი,
კონსპირაციულ ბინის კუთხესთან,
სადაც შეერთვის სული - ირემი
გაუხედნავი დარდის მარულას,
და შემოდგომის ლიკვიდირების
გეგმას გამაცნობს ის დეტალურად.
IV
იქნებ მავნეა კიდეც ტვინისთვის
ეს იდეები უნაპირონი.
და ვხედავ ვიღაც პოზიტივისტი
რა უშედეგოდ ებრძვის პირონისტს.
მიკვირს, აქამდე როგორ გადავრჩი,
თოვს და ფიფქები წარსულს ფარავენ,
და ვაკვირდები გაზრდილ მასშტაბში
ადამიანის სიპატარავეს.
და ამ აწყობილ დღეთა განრიგზე,
ელავს სიცოცხლის მკვდარი სიმბოლო.
ახლა სახლიდან უნდა გავიქცე
და საკუთარი თავი ვიპოვო...
V
დუღს სიხარულის ცივი ნაღველი,
მოდის სინათლის ლურჯი სვასტიკა
და სათნოების წმინდა სახელით
გაუსწორდება ღამეს სასტიკად.
ამ უკვდავების თეთრი ღვინის სმით
გათიშულია ბედი ღვთის შვილთა...
თოვს… მოხუცივით დგება თბილისი
და ნამძინარევ ფანჯრებს იფშვნიტავს.
მერე აჰყურებს ზეცას - ტელეპატს
და საფეთქელზე იდებს მაუზერს.
და ყოველ დილით მე მეჩვენება,
რომ მეღვიძება სროლის ხმაურზე.
VI
ახლა ქუჩებში ქარი ქარონობს 
და იმ გაუხსნელ საქმეს იძიებს,
ვიღაც ყოველღამ რომ უკანონოდ
აწყობს სიკვდილის რეპეტიციებს.
რომ ჩაგვითვალეს წლები ჰიჯრებმა
უანგარიშოდ და უალგებროდ...
და მოგებული მხოლოდ ის რჩება,
ვინც ქრონიკული გლოვით სარგებლობს,
ვუმზერ დანგრეულ ღრუბლის აივნებს.
თითქოს ქალაქი გავს არმაგედონს.
და ვამბობ: თუ გსურს, შექმნა რაიმე,
აღარაფერი უნდა აკეთო.
VII
მზერა ნოემბრის სურათს მიათრევს
და უმოძრაო ცის დინამიკას.
და განვიხილავ იმ ვარიანტებს,
რაც ჩაკეტილი წრიდან გამიყვანს,
ჯერ არ მიცდია რადგან არასდროს
თავი სიმღერით რომ დამეთრგუნა.
და ნებისყოფა როცა მღალატობს,
მემსახურება შიში ერთგულად.
ვგრძნობ ეპიცენტრი სადღაც აქ არის,
სულის მაგნიტი მსუბუქ მადლს იკრავს.
თოვს... მეც თოვლისგან ვიღებ მაგალითს
და ვწერ არაფრის მთელ სქოლასტიკას.
💓 💗 💝

მათე არაგველი (გიორგი კბილცეცხლაშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი