ნამდვილი ამბავი :)))
ერთ-ერთ სახალისო ისტორიას მოგიყვებით ჩემი წარსულიდან, ეს მოხდა ბათუმში, პაპანაქება სიცხეში, იმ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა და საქართველოში კი უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა .....ჯოს ....ჯოს შეძახილები. ამ დროს გაწვეული ვიყავი სსრკ არმიის რიგებში, ბათუმის არტილერიის პოლკში # 92507 და ამ პოლკს ჰქონდა ერთ-ერთი ასეთი პოსტი # 3, რომელიც მდებარეობდა დიდ შემოღობილ ბორცვზე, სადაც საწვავის რეზერვუარები იყო ჩამარხული, ამ ბორცვის წინა მხარეს, სადაც პოსტზე შესასვლელი კარები იყო, გადიოდა ე. წ. თბილისის ტრასა, ხოლო უკანა მხარე კი ზევიდან ზღვას გადაყურებდა. ზღვის პირას ბორცვიდან მარჯვნივ, სანაპიროზე იდგა ლამაზი გემი, რომელიც რესტორანად იყო გადაკეთებული და საიდანაც ისეთი მწვადის სუნი მოდიოდა, რომ ვინც იმ პოსტზე მოხვდებოდა, მაშინვე პავლოვის ინსტიქტები ეწყებოდა. როცა იქ ვმორიგეობდით, სუნს ავყვებოდით, ავიდოდით ბორცვის ზედა მხარეს და სომალელი ბავშვებივით ოცნებით სავსე ნაღვლიანი თვალებით ვუმზერდით შორიდან, თუ როგორ გაშმაგებულები ებრძოდნენ მწვადებს ღიპიანი ძიები. მომიწია ერთხელაც იმ პოსტზე მორიგეობამ, წამიყვანეს ურალის კუზაოზე ჩაბღაუჯებული. როცა ჩამკეტეს და წავიდნენ, ავლასლასდი ზევით, იმ გემის მხარეს გადასახედად და რას ვხედავ?! ჩემს პოსტზე მართკუთხედის ფორმაზე ჩაჭრილი დაახლოებით 7-8 მეტრის სიღრმის ორმოა, თანაც ტრასაზე მანქანები რომ მოძრაობენ, ამ ორმოში შუქი ლიცლიცებს, ე.ი ქვევით რაღაც გასასვლელია. შემჭამა ცნობისმოყვარეობამ, ნეტა ქვევით რა არის? ვიწრიალე, ვიწრიალე და შიგ ჩაძრომა გადავწყვიტე. მოსაკეც კონდახიანი ავტომატი მქონდა, მოვკეცე, ფაშისტივით ჩამოვიკიდე კისერზე და ნელ ნელა დავიწყე ორმოში ჩასვლა. დაახლოებით 2 მეტრი როცა ჩავედი, რაღაც ეჭვმა გამკრა, ვაი და ვეღარ ამოვიდეო და ამოსვლა მოვსინჯე. ამოსვლისას უცებ ფეხის საყრდენი მიწა ჩამეშალა კლანჭებითა და ფეხებით ორმოს კიდეების კაწვრით წავედი ქვევით. როგორც შერეკილებში ხუტა უფროსი ისე რიხინით ჩავარდი სადღაც, დავხტი და მთელი მიწა და ტალახი თავზე დამეყარა. ჩემი დახტომა და ვიღაც შეშინებული კაცის ღრიალი ერთი იყო, რომელმაც დააგდო შიშისგან გრძელ ჯოხზე დამაგრებული კედლების შესათეთრებელი ჩოთქი (ე.წ. პაბელკა) და დაფეთებული სადღაც გარეთ გაიქცა. ეეე... ვააა... სადა ვარ??? მივიხედე, მოვიხედე, საკმაოდ დიდი ოთახია შამპანიურებით და ლიმონათებით სავსე ყუთებით. ზევით ავიხედე, ოთხკუთხედი ნახვრეტია, საიდანაც ჩამოვვარდი, წინ გავიხედე, დიდი კარებია ღია და ტრასა ჩანს, ცოტა ხანში ის კაცი შემობრაცუნდა და გაკვირვებული მიყურებს, ты откуда?- მეკითხება, от туда-ვპასუხობ და თითს ზევით ვიშვერ, გაგორდა და გალურჯდა სიცილისაგან, როცა მიხვდა, რაც მოხდა. თურმე რა ყოფილა, იმ გემ-რესტორნისთვის გამოუჭრიათ ბორცვი და საწყობისთვის დიდი სათავსო ოთახი, ეგრეთ წოდებული სკლადი გაუკეთებიათ, მერე საჰაერო აუჭრიათ ზევით, რომელიც პირდაპირ ჩვენს პოსტზე ამოდიოდა და მე კიდევ იმ საჰაეროში ჩავმძვრალვარ, ის საცოდავი კაცი კიდევ კედლებს ათეთრებდა თურმე იმ დროს, მე რომ ჩავუხტი და გული გავუხეთქე. რაღას ვიზავდი? გამოვედი იქიდან, ავძვერი ბორცვზე და დიდი წვალებით შევძვერი მავთულხლართებში, სმენას რომ პოსტზე დავხვედროდი. აი ასეთი ისტორია დამემართა. იმედია იხალისებთ, როცა წაიკითხავთ:)))
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი