ვარსკვლავი


უძირო ცაზე მოსწყდა ვარსკვლავი
და ბნელ სიღრმეში გაუჩინარდა,
აცრემლებული თრთოდა შემკრთალი
წყვდიადში ობლად რომ მიფრინავდა.

ეფანტებოდა სხივების მძივი,
სევდათ ქცეული ნაზად ბრწყინავდა,
აღსასრულის წინ ბოლო ციმციმი
მთელი სიცოცხლის ნათელს ჩრდილავდა.

ქრებოდა, როგორც წარსული ქრება,
როგორც სანთელი ალერსში ქართან,
ასე ლამაზი გარდაცვალება
თითქოს მხიბლავდა და მიზიდავდა.

ვუმზერდი სიკვდილს სიცოცხლით მთვრალი,
გულს სევდისფერი ტკივილი მწვავდა,
იღუპებოდა ცაში ვარსკვლავი
წყვდიადში ობლად რომ მიფრინავდა.

მე მაშინ მივხვდი რომ აღსასრული
სიცოცხლის პირველ ჩასუნთქვას გავდა,
რომ ცხოვრების გზა არის წარსულის
და ილუზია გაბნეულ წამთა.

რომ ერთი წამი ზეიმობს ყველგან,
რომ უკვდავება არასდროს კვდება,
რომ არ არსებობს სიკვდილი ქვეყნად
და მეფობს მხოლოდ გარდაცვალება.

უძირო ცაზე მოსწყდა ვარსკვლავი
და ბნელ სივრცეში გაუჩინარდა,
გაფრინდა, ჩაქრა ოცნება მკრთალი
სად მიფრინავდა???... რად მიფრინავდა???...

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი