ფიქრები


იანვრის ოთხი, თერთმეტის ათი, სახლში მოვედი. როგორც ყოველთვის კიდევ ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დღე დაღამდა. დრო ისე მისდევს წარსულს, თითქოს ძალიან ეჩქარება, რომ მოგონებად გადაგვაქციოს, მერე კი სივრცეში გაფანტული ჩვენი სახელები საუკუნეთა უსასრულობაში გადაკარგოს. რა ქნას დრომ, ასეთია მისი ბუნება. სიცოცხლე იწყება, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მთავრდება და ისევ - იწყება, გრძელდება, მთავრდება... ყველაფერი ცვალებადია დროსა და სივრცეში, მხოლოდ ცვალებადობაა მარადიული...

ჩვენ ერთი ვიყავით, სანამ დავიბადებოდით, ერთი ვიქნებით, როცა ჩვენი ადგილი არავის გონებაში აღარ დარჩება და ჩვენვე დაგვავიწყდება ჩვენი არსებობა. ეხლაც ერთი ვართ, ოკეანის იმ ზვირთებს ვგავართ, აქაფებულები რომ მიიწევენ ხმაურით ნაპირისკენ დასამსხვრევად განწირულები, რათა დასტოვონ მღელვარებით და შფოთვით სავსე სიცოცხლე და დაუბრუნდნენ სიღრმეს, მარადიულ მდუმარებას და სიმშვიდეს, საიდანაც დაიბადნენ და რომლის ნაწილიც ყოველთვის იყვნენ, თუმცა არასოდეს არ ახსოვდათ ამის შესახებ.

სიცოცხლე, სიკვდილი, არის კი ქვეყნად ამაზე დიდი და იდუმალი გამოცანა? რა არის ცხოვრების აზრი? ალბათ რამდენს დაუსვია ეს უპასუხო კითხვა და რამდენი აფრქვევდა თავის "სიბრძნეს" , ამტკიცებდა,რომ იცოდა ცხოვრების აზრის მზა რეცეპტი, კითხვის ნიშანი კი არასოდეს ქრებოდა, იმიტომ, რომ თვით კითხვის ნიშანი იყო ამ კითხვის ერთადერთი პასუხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ სამყარო ცარიელ სივრცეს ვერ იტანს და ჩვენი არსებობის საჭიროება ამ სიცარიელის დროებით შევსებაა. რამდენმა მილენიუმმა ჩაიარა თავისი თაობებით. უყვარდათ, სძულდათ, უხაროდათ, ტკიოდათ, ისევე როგორც ჩვენ, ცხოვრობდნენ. ახსოვს კი ვინმეს ისინი? დრომ მხოლოდ ერთეულების სახელები ისტორიის ნაგლეჯების სახით შემოგვინახა. კიდევ რამდენი დაიბადება, როცა აღარ ვიქნებით?

ეხლა ორს თხუთმეტი აკლია, მე კი რა აზრები მაწუხებს :)))), უნდა დავწვე, დავიძინო, დილით სამსახურში მივდივარ, ალბათ ისევე ჩვეულებრივად, სტანდარტულათ ჩაივლის ხვალეც, რომელსაც მერე სხვა ხვალე შეცვლის. სიცოცხლე გრძელდება და სანამ გრძელდება „სიცოცხლეს გაუმააააარ––––„!!!!!!...

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი