ნოემბრის ქარი
გუშინ დაქროდა ნოემბრის ქარი, ებრძოდა ხეზე ფოთლებს სიკვდილი, ქარს არ ატანდა კაბას ჭადარი თითქოს სიშიშვლის სწვავდა სირცხვილი. გუშინ დაქროდა ნოემბრის ქარი, მისი შრიალი ფიქრებს მიშლიდა მოტაცებული ფოთოლთა ჯარი შველას ითხოვდა გაყინულ ციდან. გუშინ დაქროდა ნოემბრის ქარი ვით ბოლო სუნთქვას გაჰყვება სული, ვით შემოდგომის ბოლო ზღაპარი მის ყვითელ სხეულს განშორებული. დაქროდა გუშინ ნოემბრის ქარი გაშლილი თმებით ცივ ქუჩებს ჰგვიდა, ქალაქთან ახლოს იდგა ზამთარი და თეთრ გუდაში ფიფქებს ითვლიდა... /კობა ჩალაძე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი