როგორ მიყვარხარ


როგორ მიყვარხარ, ღამის შავ ბინდში
ფეთქავს ამ გულის ტკივილი მწველი,
თითქოს მთვარიდან მობერილ ნიავს
მოაქვს სუნთქვასთან სურნელი შენი.

როგორ მიყვარხარ, შენზე ფიქრებით
და შენი ნატვრით ჩერდება გული,
ჯოჯოხეთის და სამოთხის ერთად
ცეცხლით ბოლომდე გადავსებული.

როგორ მიყვარხარ, იცოდე ნეტა
ვინა ხარ ჩემთვის?! ნატვრად ქცეული...
უშენოდ ყველა ოცნება კვდება,
უშენოდ სხეულს არა აქვს სული.

როგორ მიყვარხარ, ამ მონატრებას
გავატან შენთან ნიავს მობერილს,
სტრიქონებს შორის სულიც გაჰყვება
ამ სიყვარულის ლექსსა თუ წერილს.

როგორ მიყვარხარ, რა ძლიერ გნატრობ,
რომ დაგიკოცნო სახე, ხელები,
მაგრამ ასე ვარ, უშენოდ, მარტო,
და ლექსით მაინც მოგეფერები...

/კობა ჩალაძე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი