ცენტონი


ყავრები და ხავსები დავიწყებულ კარბაზე,
ფრთები გინდა, ფრთები და ცამცა გაიდარბაზებ.

სისხლო, შენი ღვაწლია, ხანძთაა თუ ვარძია,
მიყვარს მწარე თამბაქო, მიყვარს გოგო კვანწია.

ფუჭად დებას ჯობია კაი სმა და კაი ჭმა, 
დავრდომილი ტარია მოაკეთა ტაიჭმა.

არ ჩანს ქარი,  მწვერვალებს მაინც ქარი ედება,
პირველთანგან ზმა იყო, (არა, იყო ქმედება).

დამცირება, ბალღამი, ნაღველი და ბოღმანი,
ვყოყმანობდი, ახლა კი სადღაც გაქრა ყოყმანი.

არ დავბრუნდე, მიგლოვე, დაარიგებს მეფე რვალს,
სამრეკლოდან ყვავები მოუხმობენ თებერვალს.

დედოფალმა გაკოცა, სილურჯე გაქვს ლოყაზე,
გიუარეს საგნებმა, ოცნებები მოხაზე.

ქალი (არა, დიაცი), გასალეწი (არა,  ბზე),
ბუზს არ იფრენთ ქედებო, ჯიხვნი ხტიან ქარაფზე.

ოქროს ნავში არიან ედგარი  და ნოვალი,
ფრთადაჭრილი დაქანდა დოვინ-დოვენ-დოვალი.

გვარ-სახელი ოსტატის გაქრა, არ იკითხება,
პაწაწინა ტირიფი დედამ — ქარმა მიტყეპა.

დალალს იკრეფს შროშანა, ქამხა უნდა გაფინოს,
მე კი ვარჩევ პაპიროსს,  სიყვარულს უნაპიროს. 

გაფუყული დროება მხოლოდ ვირებს ალაღებს,
ყმას არ სწადის სიკვდილი, წყლულზე იფენს ბალახებს.

ძუნწიაო, გატყუებს, დაიყბედნა ვინც ესა,
პაჟი ვიყავ წინათ და შენ კი ჩემი პრინცესა.

უფლის ნებით, საცდური სასოებით იდო მან,
მე თუ ზეპირ ვტიროდი, მიცინია იდუმალ.

სიზმარივით ელვარე მტკავრ-მეტეხი არ ჩანან,
ყვავო, ყვავო, ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა.

ახლა ცოტა გაჭრელდა, ძველად იყო კაი სმა
და მე მინდა ლეილის ხმა ისმინოს კაისმა,

მარგალიტი მისცეს და აუსრულოს წადილი,
ქურდკანტალა ღილღვებმა არ აიკლონ შატილი. 

ულმობელ ცის ვარდეთი თეთრად გადაფარულა,
მზე ამზევდა ჩვენთანა, დარი დარობს დარულად.

აქ რა გინდა, აბრაგი გამახსენა არაგვმა,
ავიხირე არხივი, ავხსენ ბევრი ქარაგმა.

ბერდიების შემყურე შემოქმედი არისხე,
ან ის ჯიხვი რად მოკალ, რად მოჭერი ან ის ხე.

დაიმსხვრაო საკერპე გაცისა და არმაზის, 
შემინდეო ცოდვები, არ შეუნდო (მან მას ის).

მოწითალო პერანგო, კოშკო კირით ნაგებო,
მიჯნურობა საჭირო, ძნელად გამოსაგები.

ჩამოეშვა ფარდები მორევების ქარვაში,
ბილიკებზე დაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.

შემოჭდობა გავბედე, რადგან ძლიერ მეწადა,
აწ არ მინდა ქვესკნელი, მიმელიან მე ცადა.

არ გვინდა გლოვა და ვაება,
ვჭერი და ვარღვიე კაპრონი,
ცენტონი დავშალე, ტაეპებს
თავთავის ადგილას ვაბრუნებ.

რუსთველო, გალა და გიოტე,
მე გიშვებთ, შინისკენ იოტეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი