0 206

გაიქეცი


გაიქეცი 
მიატოვე კურული და კორიდა 
გაიქეცი 
სახლიდან და გაიქეცი სკოლიდან 
გაიქეცი 
იდუმალ და გაიქეცი საქვეყნოდ 
გაიქეცი 
ეგ სიკერპე ნუ გგონია საკვეხნო 
გაიქეცი 
დიდი ნგრევა მოდის ჩრდილოეთიდან 
გაიქეცი 
ეგვიპტიდან გაიქეცი მცხეთიდან 
  
გაიქეცი 
დაგრჩეს საქმე გასაიმასქნებელი 
გაიქეცი 
როგორც გარბის ღირსი პავლე თებელი 
გაიქეცი 
არას გარგებს დაყუდება   სამანთან 
გაიქეცი 
მიატოვე ლაურა და   სამანტა 
გაიქეცი 
ხმელეთით და   გაიქეცი ზღვებითა 
გაიქეცი 
თბილისიდან   მექიდან და თებედან 
  
გაიქეცი 
მიატოვე კრებები და ყაყანი 
გაიქეცი 
შეატოვე ჯალაბობას მკა ყანის 
გაიქეცი 
ხაროდან და გაიქეცი ხარომდე 
გაიქეცი 
გირჩევნია გაიქცე და ხარობდე 
გაიქეცი 
გოგო მორჩილს ჯორ-აქლემებს ურწყულებს 
გაიქეცი 
ნუ უჯერებ ნურც თვალებს და ნურც ყურებს 
  
გაიქეცი 
დარჩები და   ვერ იწამლებ წამალით 
გაიქეცი 
დაღმართ-დაღმართ დაუყევი   წა მალით 
გაიქეცი 
სწორედ ახლა შემოგვადგა მაგის დრო 
გაიქეცი 
უწიგნურო   გაიქეცი   მაგისტრო 
გაიქეცი 
დუღილსა და დოქისპირულ წვიმაში 
გაიქეცი 
ნუ   დარჩები შენი თავის წინაშე 
  
გაიქეცი 
მიატოვე   აშარი   და კაპასი 
გაიქეცი 
ეგ ტერფები შემოირტყი კეფაზე 
გაიქეცი 
არ დაწერო ანდერძი და წერილი 
გაიქეცი 
გეხვეწები   ასე ყელდაწელილი 
გაიქეცი 
ნუ გჭირდება მშობლიური საძვალე 
გაიქეცი 
არ წაიღო ერთი ხელი საცვალიც 
  
გაიქეცი 
გევედრები   ჩემი თხოვნა ისმინე 
გაიქეცი 
ანტიგონე გაიქეცი ისმენე 
გაიქეცი 
ფრთიანო და გაიქეცი ოღრაშო 
გაიქეცი 
არ წაიღო კუნელი და ღოღნაშო 
გაიქეცი 
ახლა ვიღაც სადღაც გიცდის ვაგონთან 
გაიქეცი 
აქ დარჩენა რისთვის წამოგაგონდა 
  
გაიქეცი 
აქ არავინ გზას არ   მოაიავებს 
გაიქეცი 
გაერიდე მეტიჩრებს   და ქლიავებს 
გაიქეცი 
ტურა-მგელი არ მოიშლის ტურობას 
გაიქეცი 
გაექეცი პოლიტკორექტულობას 
გაიქეცი 
აგიტვირთეს ხორცაობის კადრები 
გაიქეცი 
სახტად დარჩეს სისაძაგლის მკადრები 
  
გაიქეცი 
იღებენ და გაიქეცი   ისმენენ 
გაიქეცი 
ნუ აჰყვები აყროლებულ იზმენებს 
გაიქეცი 
ბუკ-ნაღარამ ჭკვა-გონება დაღალა 
გაიქეცი 
არ გაჩერდე აღარა და აღარა 
გაიქეცი 
რამეთუ და გაიქეცი ვითარცა 
გაიქეცი 
კერიიდან ცეცხლი გამოიტაცე 
  
გაიქეცი 
მიატოვე გვირგვინი და მუნდირი 
გაიქეცი 
ურჯუკო და გაიქეცი უნდილო 
გაიქეცი 
დააბნელე დარაბა და სარკმელი 
გაიქეცი 
განიმოსე სამოსი და სარქმელი 
გაიქეცი 
გაექეცი ავანსა და   ჩავანსა 
გაიქეცი 
პირს ნუ ახლებ ბალღამსა და ჯავარსა 
  
გაიქეცი 
ყეყეჩო და გაიქეცი დებილო 
გაიქეცი 
ყვავს კაკალი სხვებმა გააგდებინონ 
გაიქეცი 
ჰავაიზე გაიქეცი კარიბზე 
გაიქეცი 
სანამ ჯორი დაგიტაკეს კარებზე 
გაიქეცი 
თორემ ბედი უმოწყალოდ იცინებს 
გაიქეცი 
უშენოდაც დაითვლიან წიწილებს 
  
გაიქეცი 
თვითმფრინავით გაიქეცი ხალიჩით 
გაიქეცი 
საელჩოთი გაიქეცი ჩალიჩით 
გაიქეცი 
ყაყაჩოთი გაიქეცი კანაფით 
გაიქეცი 
ლამს და ქვიშას შეერიე   ქარაფით 
გაიქეცი 
მოიტოვე მოფუსფუსე შარდენი 
გაიქეცი 
სანამ შედეგს გამოიღებს შარდმდენი
კომენტარები (0)