თოვლის ლიბრეტო
ოთარ ჭილაძეს ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა – სველი, რომელსაც ასე ველოდი. მოშრიალებდა შოპენის თოვლიც – კლავიშებიდან – შორი ლირიკით... და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი – აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი. უქათქათებდა ფლანელის პლისე ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ "უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"... წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს და ტორტმანებდა პორტის პორტალი; თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე, თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც. N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"... აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს. ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან – ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით; ეშურებოდა ტაშის პაუზას და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი... თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა: ფრანტი, გიტარა და სიგარეტი... და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერას მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი