კალამბურა
ბაღათერ არაბულს არაგვს მაუსხამს ა კალმახები, წამო, ვიანკესოთ, ვიბადუროთ; ფშავის ბილიკები -- წვრილ-ხვლიკები ქარმა ითვალოს და იფანდუროს. არხვატს დევებია ახმახები, ლუდზე დავიწვიოთ, ბაღათერო! ისე გამავათვრათ, სალახნები, ერთხელ იახსარმა ბაყბაყდევ რო... იმდენ დავუყაროთ რიყ-ხინკლები, ხვანჯარ ვერ შაიკრან -- გველისტყავის... რას რა იფხინკები, შენც არ მყავდე, მითამ, საარაგვოს ერისთავი!.. წამო, არ დალანდა ვიდრე წყლიდან თევზმა -- ბუს თვალები -- ბღუერები; ქოლგას რას დაეძებ, თუ გაწვიმდა, ფშან-ფშან უშქარია ბუერები. წამო, კაი ცეცხლი ვაცეკვოთ და ყანწში ჩავუწყნაროთ არაგვს გული; ჯვარმან გუდანისა შაგინდოთ და მუზამ ხვარ გაგთოლათ არაბულნი?!. გრძელი კალამბური აქ არ ხამს და ვშიშობ: რახმა სხვა არ მიკარნახოს, -- არაგვს კალმახები მაუსხამს და... წამო, ვიკალმახოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი