ცრემლის წერტილი
"სოხუმში მოსალოდნელია წვიმა"... გურამ ოდიშარია სოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ, ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან. ის პალმა-ქალი და გედი-სურა თვალმა სარჩევშიც ვერ მოიძია. ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი - ვეღარ არწევენ მთვარეს - სნებიანს; იასამნებიც, თავშეუხვევნი, დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან. გახსოვს, ბოლო დღე: პარკინსონიან ზღვას რომ კანკალით მიჰყავდა ბავშვი და მონაზონმა კიპარისმა - ძველ ხელთათმანივით წაიძრო შაშვი. ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს... ის ცა კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით... და მენანება სხვის თითზე რიწა - გაწბილებული სასძლო ბეჭედი. და მენანება ის კოინდარი, ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი, და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი - კალმახები რომ სხია სისხამი. იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია, უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი; ასე გაუშრა ძუძუ მარიამს, ოდეს კალთიდან გადმოსვა... ღმერთი. შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი, ვით გუთნეული - დაღლილ წეროებს. გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი... გასასვენები მყავდა მეორე. დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს - თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი... შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია, მაგრამ... სამძიმრის ცრემლი დავუსვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი