ღამე ტიციანთან
ორნი შემოვრჩით ღამისპურობას... არ წაგვთვლემია წამით წუხელი; არ გვიჩხრეკია სადაურობა, გამოხსნილ ლექსის გვედგა უღელი! --თუ ვიაზატეთ ამ "ზაოტობას"... თქვი და მიხაკზე შეითბე ხელი. უთხელდებოდა ნისლი ობობას, იბადებოდა ალაზნის ველი! - უნდა სასწაულს აქ ეზიარო, აქ ჩაიქოლო ლექსი-მეწყრებით! მთლად საიქიოც რომ დაიარო, ამ დარ-თენებას ვერ შეესწრები. - ვერც სხვა სამოთხეს ნახავ, ურიაც რომ აპირჯვარო ხატებს ამ დილით. - ეს ალავერდი... ჩემი სულია -- ლექსის ყელიდან ამოვარდნილი!.. - პოეტის ბედი... ურა კვიცია, ითქარათქუროს უნდა უბელომ!.. კი გაგეცინა, ძმაო, ტიციან, -- მოუწვიმარო მუზის ღრუბელო. მერმე ვიშიშვლეთ მეტაფორები: ხოხბის ელვაო... წვიმის წელიო... რა საჭიროა, ნეტავ, ფორმები, თუ არწივულად ყივის ყელიო!.. ვერ გაგიბედე გაკამათება, წამოვუმოკლე ღვინოს ღვედები... - შეხე, ცისკარი კაკანათდება -- უკვე გაბმულან ნისლის მტრედები!.. --ჩახე, ჩაბალხეთს: მთვარეგვიანმა ყამარს საბედო დაუდო თეფში და თრიმლის ცრემლით მთვრალმა ნიავმა ტყე სავარცხელი გაივლო თმებში. "ღვინოკახურთან" ერთად ვთენდებით: შენ --ორპირელი, მე -- მუხურელი და ღამის უბის ამომთეთრები -- აღზევანიდან მოწუხს ურემი... ახლა უღვინოდ მინდა თრობაო! -- მიბარბაცებ და... ჯამში აბოდებ; აქ ფიროსმანიც დაიხრჩობაო!.. - თუ ჩემი ძმა ხარ, მკლავი გამომდე. --ახლა სიღნაღი აზღუდს მოირღვევს, წამო, მუხლებზე დავარდნა გველის; ალაზანი რომ წელს წამოიღებს... ლეკის წარბივით გაწყდება გველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი