ნაადრევი მგზავრული: უბნის მეწაღეს - გასამრჯელოდ
ძმაო, იქნებ, გამიკერო ლანჩა... ჩაღმართამდე ცოტა კიდევ დამრჩა. ქარიც შემხსენ, მერე რა, რომ არ ჩანს, - თოკს, ხომ იცი, არ ატანენ დამრჩვალს. ვინძლო, ჩქარა გამიკერო ლანჩა! მისაშველე, თორემ... გული მიმდის. სულიც მიმდის - წუთისოფლის მინდი. მკვდრის მზემ უკვე ჩამობერტყა შინდი, მალე ჩავა და ამოვა ბინდი. ჩქარა, თორემ... ზიარებაც მიმდის. ნუ გამიშვებ ამ არღვეულ ლანჩით და ქარ-ბაწრით, ასე ვაინაჩრად. ბოლო ვალი გავისტუმრე ხანჯლით და სახარჯო ქამარიღა დამრჩა... ნუ გამიშვებ... ასე ვაინაჩრად. რაო, ახლებს შემიკერავ ხამლებს, რომ თავიდან ვცვითო დღე და ღამე?! არა. ჯღანებს დამიკერე რამე. ჯაგლაგსაც ხომ... ძველს აჭედენ ნალებს! ახლებს ნუღარ შემიკერავ ხამლებს. ჩქარა, ჩქარა გამიკერე ლანჩა! თორემ... ბინდის ბილიკიღა დამრჩა... თუ ბალღებმა მოგაკითხონ ხვალ-ზეგ, ნუ შეიყრი მაგ წურბელა წარბებს, ფეხშიშველა ნუ მიტარებ გზაზე. რაღა დარდი, მადლი დადე ქვაზე. იქ რომ მოხვალ... არ დაგაწვენ ნარზე. ნუ მახარბებ ყირზის წუღა-მესტებს! მე რა ვიცი, რა უხდება... ქვესკნელს. აქ ჩააცვი ფეხშიშველა ფრესკებს, მეც მაცხოვარს ვუსაკუთრებ ლექსებს. ნუ იმეტებ ახალ წუღა-მესტებს. ამ ბოთლისკენ ნუ აცეცებ თვალებს, - ორნახადი ცრემლებია მწარე. შვლაპ ღვინოზეც ვეღარ გადავცვალე. თუ არ დალევ... განა, დაგაძალებ, თან წავიღებ, იქ ჩამოვდგამ, ხვალე. აწ წავედი და დამირჩი კარგად. არ დავეძებ, რაც აქ დამიკარგავს... მამა იქაც წამოდგამდა ჯარგვალს, დედა წერწეტ ჩოხას მომიქარგავს. აწ წავედი და დამირჩი კარგად. ცალფად მაინც გამიძაფე ლანჩა, თორემ ღამის ბილიკიღა დამრჩა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი