საბაქართული
შვილიშვილს - საბა გახარიას ეს სიტყვა გულში აყვავდა, ვით გულისაბას ყვავილი, მერმე ხელებში აბალღდა - გულითვე ამოყვანილი. ამირანისძედ ვიოცე, როს ჩავამთვარდი თვალებში, ავდექ და, დედიშობილა, გავფუთნე ცის ფართალებში. ირმის რძე ჩამოვუწველე, არც ხოხბის დამიკლია და ჯავრისქვაც გავაკბეჩიე, როგორც კი დაკბილიანდა! ღვთისმშობელს მოვანათლიე - მცხეთას ნადუღი მირონით, ფასკუნჯის ფრთებით ვუჭალე ლაჟვარდთა სანაპირონი; უსუპის წარბი ვუმშვილდე, ვამშიე ფარ-ხმლის ხმარება, დევს რომ უმხარა, გენახათ, იახსრის ახარხარება!.. რთველი ვართველე, რა რთველი - ხართვალა, მტევნებგიდელა, ტანთ თუთარჩელა ვარჩიე, ღამე გავხადე - დინდგელა; სამეფო კვართი ვუკვართე, კვერთხიც ვუკურთხე, ისეთი... მთლა შიშით გადაბაბანდა უკურთხი სამიზგითეთი! გულს გავეწონე: - ეგების, ვადა იწითნოს - ვადამდე!.. ორბის ფრთით შემოვუთარგე - ნიკოფსით დარუბანდამდე... “დედაენიდან” ამოვსხი ანბანსისხამა იები, ხან სული მიუნიავა, ხან - წამწამ-ფარფალიები. “სიტყვის კონაც” რომ გავშალე... ნეტაი, თავად გეხილათ, ვით ალაღდა და აბაღდა - მაღლარ სიტყვათა ხეხილად! ფარშევანგის ფრთა მოვართვი, ვით ვაკადრებდი ბატისას, მაფშალიამაც ურშვინა, ჭირიმე იმ ნისკარტისა. გულის გრაალით დავლოცე: - მტერიმც გეხილოს ძლეული, ღვთისენად ამოგემხილოს ის ფარულზოსიმეული!.. აწ მართლა უნდა იმეფოს - ვეფხისტყავშემოკვართულმა, დედოფალსიტყვა მოჰგვარეთ, რომ ძეც შვას საბაქართულმა!
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი