პალმის ქალი


არწევდა ალვა წვიმის კენწეროს
და ქალი პალმა - Madam-დობილი -
ღელავდა, რაღაც საბედისწეროდ -
რტოთა პიანოს გადანდობილი.

პოსეიდონი შლიდა პასიანსს...
ზღვის კლავიშებზე უკრავდა ქარი:
წვიმით წაშლილი ცაც პარნასია,
ოდეს საღამო იწყება ქალით...

ასე დაიწყო თქვენით ის ღამე -
მოწყენილი დღის სველი მხევალი,
ვით მოწყალება და სითამამე -
გამოწვდენილი ხელისმტევანით...

და გულ-ვალეტით გაჭრილი დამაც
თქვენ გგავდათ ათლილ ყელით - გედურით;
მათრობდნენ თმები - მთვლემარე კამა,
თვალები ბნელი, ვით საყვედური.

ვერ ვიწყებოდით დასასრულით და
"ძილი ნებისაც" ვერ ვთქვით თვალებით
და როცა რომიც გადაგვსურვილდა...
მალარიული აკანკალებით

გადმოიღვარეთ, ვით მოთმინება,
ვით სავარცხლიდან მორცხვი ნიავი,
რომ გეგრძნოთ მამრი ტალღების ვნება -
ნაადრევი და ასე გვიანი...

გარეთ კი: ალბათ, ცა მოიდარა
და სველი პალმაც, რტოდაწვენილი,
მთვარის მკლავებზე ცხრებოდა წყნარად -
ზღვის აივანზე გადაწვენილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი