.ოცი წელი


ყვირილის ხმა და ხმა შუშის მსხვრევის,
შუშა სისხლით წითლად შეიღება.
სამ ჯვარს შორის ერთ-ერთს ირჩევს თითი,
მოტეხილ ძვალს იჭერს თაბაშირი.

ორ თითს შორის სიგარეტი იწვის,
იწვის, როგორც მკვდარზე ცრემლის წვეთი.
შეღებილი ნამსხვრევებით ბავშვმა
მწვანედ მორთო სააღდგომო კვერცხი.

ცხელი ცრემლი, უფრო მეტად შანთი
კანზე ტოვებს ამომწვარ ადგილებს,
სად მატლები ისწავლიან სრიალს,
გამოკვებენ ხორცით ნაშიერებს.

თაბაშირი დიდხანს არ დალპება,
დიდხანს გაძლებს მიწის სიღმეებშიც.
სხეული კი ფესვებს შეიხორცებს
და ბალახით გადაფარავს ქვასაც.

საფლავის ქვის გრავიურის ხაზებს,
წვიმა კალაპოტებად გაიხდის.
შავ ტანსაცმელს არ გაიხდის ვიღაც,
ორმოცი დღე არა, ოცი წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი