..ჩემი ოთახი ექვს სტროფში ეტევა...


ვარსკვლავის ფორმის ყვითელი ჭაღი,
კედელზე წმინდანთ ხატების წყობა.
წიგნებით სავსე თაროზე ბევრი
ჩემთვის უცნობის ნათევი ღამე.

ლოგინი მუდამ გასასწორები,
ლოგინთან ახლოს ერთგული ჩუსტი.
შარვალ ჩაცმული ოთხფეხა სკამი,
მეორე ჩუსტი კარებთან გდია.

მაგიდისა და კედლის ნაშენი,
კუთხე და ტონა ფურცლების მთები.
ფურცლებზე ბევრი ნაკურთხი ზეთი,
რომ დაიჩემეთ „-მელანი ჰქვია!.“

მეორე სკამი აივნის კართან
ბადეს ამაგრებს ჩემს დასაცავად,
კოღოებისგან, კალიებისგან,
მაინც შეჭამეს დამპლებმა ბადე.

ოზონს არა აქვს იმხელა ხვრელი,
ამ დამპლებმა რომ ბადეში თხარეს.
შემოიყვანენ ახლა ნაცობებს
და გამართავენ ქორწილს ჩემს ტანზე.

გაბზარულ მინას ჩახუტებული,
აივნის კარებს აკრული სკოჩი
ტანისამოსად ჩაიცვამს ფარდას
და მის სიშიშვლეს მხოლოდ მე ვნახავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი