..როცა ოთახმა ჩამაცვა დარდი...


ხეც და მასზე დაცემული ელვაც,
ტყეში გაჩენილი ცეცხლიც მე ვარ.
ჟრუანტელმა დამიარა იმ დღეს,
დღეც არ იყო, ღამეს უფრო ჰგავდა.

თვალგახელილი მეძინა იმ დღეს,
დღეც იყო და ღამეც იყო ერთად.
ცოცხალს არა, ნახევრად მკვდარს ვგავდი,
გაშიშვლებული ვიწექი ტახტზე.

ბევრჯერ ვცადე, ვერ მოვხუჭე თვალი,
ჭერში ვარსკვლავებს დავუწყე ცქერა.
როცა ოთახმა ჩამაცვა დარდი,
ისევ, ისევ ჩემს თავს დავდე ბრალი.

ვარსკვლავები ჩაქრა, დამეძინა,
დამეძინა, როცა ყველა ჩაქრა.
გაღვიძებულს დილით იატაკზე
მკვდარი ციცინათელები დამხვდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი