.სიზმარი


ლექსად მოვყვები სიზმარში ნახულს
და გავიფანტავ ამით კაეშანს.
სიტყვათა წყობა დამახვევს თავბრუს,
ეს თავბრუსხვევა გამყვება დიდხანს.

***
ლიანდაგებზე მივდივარ ჩუმად,
უკან მომყვება ვიღაცის ლანდი.
არც ბოროტია და არც კეთილი,
ვერ გამიგია მე მისი დარდი.

მეც კი არ ვიცი, საით მივდივარ,
შორიდან რაღაც ჯიუტად მიხმობს.
გაურკვევლობის ისევ ბინდში ვარ, 
ცაზე ნიშნები თუ რას გულისხმობს.

სადღაც შორიდან მოჩანს შენობა,
თითებს ვიშვერ, რომ ლანდმაც იხილოს.
ლანდმა არჩია, გვერდი აევლო,
მე კი თვალები ვათხოვე ღრიჭოს.

ამომწვარია შენობის ძირი,
თითქოს ეშმაკებს უქირავიათ.
ჯოჯოხეთისგან გაწამებულებს
დარდი ამ სახლში განუქარვიათ.

შესვლა გავბედე, არ მოვერიდე,
შიგნიდან რაღაც მექაჩებოდა.
თითქოს ამ სახლში დაკარგა რიდე
და მისი პოვნა მეჩქარებოდა.

ერთ-ერთ ოთახში ვნახე უთქმელი
და ახლაც მიჭირს მისი აღწერა.
ხატებით სავსე ოთახის კედელს
"აქ არ არსებობს ღმერთი" ეწერა.

არ ვეძიებდი მე მაინც ღმერთებს,
მე სულ სხვა გრძნობა მამოძრავებდა.
გამოვედი და უკვე ვიცოდი,
თუ ჩემი გული რასაც ეძებდა.

გამოსულს სხივი მომხვდა სახეში,
ვიფიქრე ეს კარგს მოასწავებდა
და სილუეტი მდგარი კარებში,
ვიხილე თავს რომ ძლივს იკავებდა.

რიდეს რას ვეძებ, მე ის ვიპოვე,
მაგრამ გვიანი აღმოჩნდა თურმე.
მან მოლოდინში უკვე მიგლოვა
და მე უიღბლომ გამოვიღვიძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი