მამაჩემია


გაჭედილ ქალაქს ათოვს და აწვიმს,
ტაქსი ძაღლივით დაეხეტება,
ქალაქში კაცი გორავს და დაძრწის,
და მუდამ მის გულს ცეცხლი ედება.

არ სწამს, არ სჯერა, არაფრის აწი,
თუ რამე ქვეყნად გაუხარდება,
არ მწამს, არ მჯერა, ასეთი კაცი,
აწი ოდესმე დაიბადება?

დააქვს, დაათრევს, ზურგით მანქანას,
არ ეზარება, დარბის და ჯავრობს,
ამბავს მოისმენს, თავჩაქინდრული,
ბედნიერია შვილი რომ სწავლობს.

სწავლობს, იმას რაც თვითონ ისწავლა?
არა, იმას რაც შვილმა ინება,
დაღლილს, დაქანცულს, იმედით სავსეს,
ამაღამ ტკბილად დაეძინება.

თაობის მადლი ერთად მოვისხი,
ამისთვის ბევრი გაუცემია,
მე ვარ მიზანი, მე ვარ იმედი,
ის ტაქსისტი კი მამაჩემია.
 

27 თებერვალი, 2023 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი