ალესილო გულო


შენ მფეთქავო, მუდამ დარდზე, ალესილო გულო, 
შენ სიყვარულს მოკლებულო, გრძნობავ დაზაფრულო, 
ვნებით გამძღარ სუსტ სხეულში, ეჭვო მანკიერო, 
პატიებას მიჩვეული კაცის სარბიელო. 

რად ატირდი, ჩამოაჭკნე, ეს სათუთი ვარდი, 
გაუთქმელად მოინელე მჭრელი ეკალ-ბარდი, 
რად იმძიმებ წუთისოფელს, ან რას ელი ჩემგან, 
ზიზღს და ბოღმას სადაც გინდა, დაინახავ ყველგან. 

რად უსმენ სხვას, რად უყადრებ, შენს თავს დამცირებულს, 
და რად სწირავ შენს გონებას, ფიქრით დამძიმებულს, 
რად ინახავ, ვისთვის გინდა, სიტყვა შეკაზმული, 
რად მიმალავ ან ვის ელის, სტროფი დახუნძლული. 

ვინ დაგაგდო ან გიშვირა, შენ ბრალდების ხელი, 
ვისთვის იღწვი, ვისთვის კვდები, ან ვის შველას ელი, 
შენ მფეთქავო, მუდამ დარდზე, ალესილო გულო, 
სატანჯველად განწირულო, უიმედო სულო. 

3 ივლისი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი