შელოცვა


მართალია და თან მწარე, ჭეშმარიტების გზა გრძელი,
წმინდა არს მაგრამ უთქმელი, ეკლიანი და მქანცველი,
ხან ბობოქარი, დიადი, ხან მიჩქმალული სიღრმეში,
გაცოცხლებული, მყვირალა, მკვდარი ჭუჭყიან წუმპეში.

მიმავალმა დავინახე - ეპყრა ბილიკს, ფარავს ბინდი,
მთისკენ აღმართზე ყვაოდა, უდარდელი, მჟავე შინდი,
გადმოსცქერის არემარეს, ხედს ხომ გული დაუპყრია,
ვდგავარ მუხლზე ცას შევცქერი, ხელი ცისკენ აღმიპყრია :

მომეც მამავ შემოქმედო, უსაზღვროა ძალა შენი,
მომეც დედავ მშობლის სახევ, ამ მწვერვალზე მომაგენი,
მცივა, თბილად ჩამიხუტე, არც დამზოგო ღმერთის შვილი,
აქ მოვსულვარ ჭეშმარიტად, სჯა-ბაასი იყოს ხსნილი,
შემირისხეს, დამამცირეს, სალოცავად განდეგილი,
შენთვის ვიღწვი, შენთვის ვსწავლობ, 
ამისთვის ვარ დაბეჭდილი.

მართალია და თან მწარე, შენთან მოდის მუდამ ფეხი,
მადლობა რომ გამიგონე, მაინც არ მაღირსე მეხი,
მართალია და თან მწარე, ასატანი ყველა წნეხი,
ბრმამ გავაგნე სამართლის გზას, მადლობა რომ გამიძეხი.


აპრილი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი