ადამიანო


ერთი ცის ქვეშ ვართ გამომწყვდეული,
ერთი მზე გვესვრის სინათლის სხივებს,
ერთი მთვარეა ჩვენი მპყრობელი,
ის გვითვალთვალებს და ის გვამძიმებს.

ალბათ იხსენებ იმ ტკბილ დროებას,
შენ აღარ გინდა მისი აღდგენა,
ან რა აზრი აქვს, თუნდაც გინდოდეს,
მე არ დავიწყებ ამის დადგენას.

ალბათ იმ ჟამმა გადაიარა, 
როცა გაქციე ადამიანად,
შენ დაჩოქილი სევდის წინაშე,
თავს რომ იკლავდი, გადაგიარა.

აღარ დაგჭირდი, აღარ მომხედე,
აღარ ჩამთვალე ადამიანად,
არარაობა ის რაც შეიქმენ,
ვეღარ იქცევი ადამიანად.

დანა ჩამარტყი, ზურგი მაქციე,
შენ არ დამინდე ადამიანო,
ახლა კი გკითხავ გამწარებული,
დაცემა შენი დავაგვიანო ?!

მე დაგეხმარე, წამოგაყენე,
მე გაგიმართე სიცოცხლის ხელი,
აღარ გაყვედრი, აღარც ვწუწუნებ,
ნეტავ მოეჭრათ ჩემთვის ის ხელი.

გადაგაქციე ადამიანად,
და მარტო მე მაქვს ამის უფლება,
რომ დაგანარცხო არარაობავ
და შენ მოგისპო თავისუფლება.


19 აპრილი, 2020 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი