ნუ ზიხარ ასე


ჰეი,
ნუ ზიხარ ასე,
სახით ჩემსკენ და
ზურგისშექცევით,
გამომიარე,
ჩვენ გველოდება
ლურჯი იები
და ფინჯანი
რძიანი ყავა.

ჰეი,
ვერ გავასახლებთ ატომურ ბომბებს
ჩვენი სულიდან
და სულ ერთია
ჩერნობილს თუ
სოდომს ვატარებთ,
სულით,
და ალბათ ასე ჯდომა უარესია,
შენ ოღონდ თქვი და
შენ ოღონდ ჰქმენ და...

ჰეი,
გამორთე ძრავი, წამწამებზე
შეგეხოს ქარი
და ალბათ თმებსაც არ ექნებათ 
ჩემი სურნელი,
მოძებნე ცაზე მზე და
გამომიარე,
გაგიხსნი კარებს
ამოვსებულს
მზით და მარილით.

ჰეი,
ნუ იოცნებებ, რომ
ზურგჩანთით გაექცე გზებს და
გაექცე თვალის მრავალტიხრულ
ფერებს, რომელსაც
ჩვენ ერთად ვქმნიდით
ერთმანეთზე შემონათებით.

ჰეი,
თუ მხრებზე მძიმე გადევს ხელი,
ნუ გაიქცევი,
უბრალოდ უკან მოიხედე,
ვიღაც გიღიმის -
ოღონდ შენ თქვი და
ოღონდ შენ ჰქმენ და...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

მიყვარხარ ! 💜

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი