ვერა, ვერცა მიიღო...


ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ჰპოვა რამდენიმე თუმანი. გახარებულს გზად მეგობარი შემოხვდა, საუბარში გართულს, გადაავიწყდა მშიერი ცოლ-შვილი, გაჭირვება, ვარამი და სათამაშოდ შესვლა შესთავაზა ამხანაგს.
დილამდე თამაშში, სმასა და მოწევაში გაატარეს დრო, გაფლანგეს ყველაფერი, რაც იმ ღამეს ჰპოვა...
დაღონებულმა და ნამთვრალევმა მთელი დღე ხეტიალში გაატარა, იმ პირით , რომ სახლში ვეღარა მიესვლებოდა.
დაღამდა...
ტაძრებიდან ლოცვისა და გალობის ხმა გამოდიოდა  .
 „ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
 ანგელოზები გალობენ:
დიდება მაღალთა შინა
 ეს რომ მწყემსებმა გაიგეს,
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას.
ჩიტი ღობეზე შემოჯდა
იძახოდა ქრისტეშობას...“
ის ისევ, გონებამთვრალი გახლდათ  და ვერას ხვდებოდა , თუ რა დღე იყო  იმ დღეს, ვიდრე ბანცალ-ბანცალითა და ბორძიკით,შემთხვევით  არ აღმოჩნდა წმინდა მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიის ეზოში. 
კართან დაჩოქილი, შორიდან მომლოცველსა და მადლით აღვსილს მოგაგონებდათ, სასმელს ითხოვდა და გონს   არ მოეგო, ვიდრე მასთან  ერთი მოხუცი   არ მივიდა.  
„- სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში, გილოცავთ შობას!..“
თითქოს, რაღაცამ იელვა მის გონებაში. თითქოს, ყველაფერმა ერთად მოისხა ნაყოფი, ინანა და გააცნობიერა, რა დღე იყო დღეს. დაეცა რა მუხლებზე , დაიწყო იმწამითვე ცხარე ცრემლით ტირილი, რამეთუ ასე და ამგვარად შეხვდა ტაძარში ქრისტესშობის დღესასწაულს. რამეთუ, ამგვარად შესწირა მადლობა უფალს ნაჩუქარი ფულისთვის, რომელიც კეთილი ზრახვისთვის მოუვლინა მას მამამან ჩვენმან...
თესალონიკელთა 5:“ მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.“
მტირალთან ყოველმა მიირბინა და დახმარება შესთავაზა, თუმცა, ვერას შეეძლო იმ გულწრფელი სინანულის კურნება,რამეთუ  თამაში იყო მისი მანამდე აღსრულებული  დიდი ცოდვა  და სენი,საკუთარი ხელით  ჩადენილი, რომელსაც იგი  შეეპყრო  , მას ერკინებოდა  და განიცდიდა.
რომაელთა 1 :“ რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული.“
მუხლიჩოქა ყოფნითა და ცხარე ცრემლის ყრით გაათია შობის ღამე ტაძრის ეზოში...
ვერცა მიიღო, საკუთარი ნებით, „ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი