ლიტერატურის ღირებულება


ლიტერატურა მთავარი რამაა, ის ადამიანის კაცად ქცევას ემსახურება, გვეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში... ეძიე საკუთარი თავი ნიშნავს ვეძიოთ უფალი ჩვენში. უწიგნურობა საზოგადოებას ღუპავს, ისინი ადვილად სამართავი და ბნელი გონებისა ხდებიან! ასეთი ხალხის ხელში ერი იღუპება. ძნელად სამართავია ნაკითხი კაცი, მას წიგნიერება ეხმარება ყველაფერში.
„ყოველი ახალი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ,ხდები უკეთესი ვიდრე იყავი.“- ეს გენიალური სიტყვები გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის. არ მესმის ხალხის, რომელიც ლიტერატურის გარეშე ცხოვრობს, სწორედ ამის შედეგია ის, საზოგადოების  ნაწილი ადვილად სამართავია და ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, ნებისმიერ თემაზე. თუ გვსურს შევძლოთ თეთრისა და შავის გარჩევა, ვიპოვნოთ საკუთარი მე და გაგვინათდეს გონება, აი ,ამ ყველაფერში დაგვეხმარება მხატვრული ლიტერატურა! გონებადაბინდული „ადამიანი“ ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, ის, მუდამ, სხვაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი, პირადი, განმასხვავებელი... ასეთი ხალხი, შემდგომ, ერთ დიდ მასად გარდაიქმნება, რომელსაც ბრობს ვუწოდებთ, დიახ ბრბოს, რადგან ეს სიტყვა განსაზღვრავს ყველაზე მეტად მათ სულიერ მდგომარეობას. სულიერად დაცემული, უთავმოყვარეო და, სამწუხაროდ, არავისგან განსხვავებულად იწოდები, როდესაც ხარ ბრბოს ნაწილი. გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის „მარიტა“, აღსანიშნავია, თუ როგორ დაუნდობლად მოექცა ბრბო მარიტას, მოუსწრაფა სიკვდილი და გაანადგურა! აგრეთვე, შესანიშნავად გვიხატავს მიხეილ ჯავახიშვილი ბრბოს სახეს მოთხრობაში „ეშმაკის ქვა“.
განათლება - ამ სიტყვას თუ კარგად დავუკვირდებით, შევამჩნევთ სიტყვა ნათელს, სწორედ, ლიტერატურა ნათელყოფს ჩვენს გონებას! რწმენასთან ერთად  შეზავებული უნდა გვქონდეს ადამიანობა, პიროვნებად ჩამოყალიბებაში კი ხელს ლიტერატურა გვიწყობს. გურამ დოჩანაშვილი მოთხრობაში“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ განასხვავებს ორ ადამიანს, ერთი, რომელიც მხოლოდ ფიზიკური შეხედულებითაა კაცი, ხოლო მეორე ზნეობრივად ამაღლებული, სულიერად მდიდარი, ნაკითხი. მხოლოდ ფორმალურობა არაფერს გვარგებს, თუ არ მივიღეთ განათლება.სწორედ ამით გამოარჩია ადამიანი უფალმა ცხოველისგან, შეგვიძლია აზროვნება. თუ ვერ ვეზიარებით იმ ფუფუნებას,რომელსაც ლიტერატურა ჰქვია, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს.
ლიტერატურის კითხვა მარტო წაკითხვა კი არაა, არამედ გააზრებაცაა! მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში შეგვიძლია ვიმოგზაუროთ, ყოველგვარი თანხის გარეშე. ბევრჯერ გვყვარებია, გვიციანია, გვიტირია, გვიბრძოლია, შეგვშინებია, განა საოცარი არ არის ეს ყოველივე? შესაძლოა როდესმე ლიტერატურა ღირებულას იყოს მოკლებული?! რაც ყველაზე მთავარია, ლიტერატურა გვაძლევინებს სიკვდილის შიშს, გვასწავლის ცხოვრებას, ნებისმიერი სიტუაცია ხდება ნაცნობი, თითქოს უწინ ყოფილხარ ამ მდგომარეობაში. ლიტერატურა სიცოცხლის ძალას გვაგრძნობინებს და გვიკვალას გზას! მართლაც, ცოდოა ის,  ვინც არ გაიზიარებს ამ ყოველივეს, მოაკლდება წიგნიერ ცხოვრებას და ვერ მიხვდება, თუ რაოდენ ღირებულია ლიტერატურა!
მაშასადამე, იცხოვრო წიგნიერებით შეუდარებელია! “თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთი სოფელი“- ეს სიტყვები დავით გურამიშვილს ეკუთვნის, რომლის ჩაღრმავების შემთხვევაშიც მივხვდებით, თუ რამხელა სიბრძნეა ჩაქსოვილი... თუმცა, ცოდნა კიდევ სხვა საკითხია, ამაზე ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი და შორს წავალთ, ამიტომაც კვლავ აღვნიშნავ ლიტერატურასა და რაობას, როგორ შეიძლება როდესმე მას ღირებულება მოაკლდეს და საზოგადოებამ სხვა რამით ჩაანაცვლოს? წარმოუდგენელია... შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა იფიქროს, რატომ ყბედობს ამდენს, განა ყოველივე ჩვენ არ ვიცითო, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მართლაც, გადაგვარდა „წიგნის კულტურა“... მეც, რიგითი კალმოსანი, ამ პრობლემამ ჩამაფიქრა და ემოციების გადმოტანა მაიძულა. მსოფლიო ლიტერატურაში, მათ შორის ქართულში, ბევრი შედევრია, რითაც აუცილებლად უნდა ვისიამოვნოთ, მივიღოთ სულიერი საზრდო! ხოლო ვისაც არაფერი წაუკითხავს, როგორც ვასიკო კეჟერეძე იტყოდა (გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მთავარი პერსონაჟი“კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“), “წინ ელის პირველად წაკითხვის ბედნიერება.“ ამგვარად, ყველაფერი წინაა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი