გისოსებს მიღმა შემოდგომაა...


-შვიდ კილოს ვერ შევიტან!
-ავად არის!
-ვერა-მეთქი, ვერა!
ცივად პასუხობდა მილიციელი მოხუც ქალბატონს, რომელიც წამლებისა და საკვების შესაგზავნად იყო მისული ციხეში...
-მამა არა ხარ?! შვილი არა გყავს, კაცო? გეხვეწებით! 
-ხუთი კილო-მეთქი,и все!
მოხუცი ჩემოდანს ახმაურებს,ამოაკლო რაღაცები...ტანისამოსი ამოიღო,ერთ-ერთის ჯიბეში რამდენჯერმე გადაკეცილი ქაღალდის კონვერტი ჩადო,(აწვდის).
-აიღე!
მილიციელი, ცივად, მადლობას უხდის და ტრიალდება...
***
-ოხ,დედა,დედა რა!(ჯავრობს) სულ ასე იცის ხოლმე...(იცინის) რამდენჯერ ვუთხარი მხოლოდ წამლებიც მეყოფა-მეთქი,თუმცა არა!თავისას არ იშლის, ესენი რაღა საჭირო იყო...
-კაი, გოგლიკ, გეყოფა! გავინაწილებთ ბიჭები რა...(გაუკიდა სიგარეტს) ისე, ეს მეც მომერგება არა? აუ, კაცურად, მათხოვე რა.
-აიღე!
-ოპა, წერილიც ყოფილა, რაო აბა, რას გწერს დედიკო.
(გაშალეს დაკეცილი  ქაღალდი):
შვილო, გავიგე რომ ავად ხარ, ძალიან გთხოვ, დედი, თავს მიხედე რა! ჩვენზე ნუ დარდობ, მარიკა კარგადაა,გიო უკვე დიდი ბიჭია და მამა სჭირდება, ჭკუით იყავი რა, გთხოვ!
იმ დღეს ბადრი იყო მოსული რაღაცები მოგვიტანა, ძალიან კარგი ბიჭია. ანზორმაც შემოგვიარა, 40 მანეთი დამიტოვა  და ბინის ქირა გადავიხადე. როგორ მენატრები, გოგლიკ, ცუდად ვარ უკვე, დედი, შენი მონატრება მკლავს... მეხუთე წელი შესრულდება მალე. ცოტაც, დედი, ცოტაც და ერთად ვიქნებით... ოჯახი გყავს, ხომ, იცი და ჭკუით იყავი მანდ, შენი რო ვიცი არ გადაეყარო რაიმე შარს, დედი. დალიე ეგ წამლები, იმ დასაწვავმა არ შემოიტანა ყველაფერი და რაცაა იმყოფინე ცოტახნით, მოგიტან კიდე, თუ ცოცხალი ვიქენი... მარიკა მეუბნებოდა, გოგლიკა გკითხულობს რატო არ მოდისო, 3 თვეა არ მოსულა ხო მშვიდობააო... არ მინდა ასე მნახო... მე რომ ცუდად ვარ, ვიცი შენც ცუდად ხდები და არ მინდა, ისედაც ნატანჯი, ცხოვრება უარესად დაგიმძიმო...დათოსთან ვიყავი,აი,შენ რო მიგყავდი ხოლმე, დედი,მირზას შვილიშვილთან, თბილად მიმიღო, კარგი ექიმია. კიბო გაქვსო,ასე მითხრეს. მეტასტაზები ლიმფიდან სისხლის მეშვეობით გადასულა,ასე თქვეს... ალბათ ვეღარ გნახავ, დედი, ალბათ უკანასკნელი ხმაა ჩემი შენამდე მოღწეული და მინდა იცოდე, როგორ მიყვარხარ,დე! როგორ მინდა ჩაგეხუტო,სიკვდილს შენი მონატრებაც მიჩქარებს,დედა! მარიკას და ბავშვს მიხედე,გოგო არაფერს მაკლებს,რითაც შეუძლია მივლის,თავს მევლება... განგებას ვერავინ გავექცევით, მე იმითაც კარგად ვიქნები, თქვენ რომ გნახავთ გახარებულებს. თქვენთვის ვცოცხლობ, ჩემო ბიჭო. თავს მიხედე, გთხოვ!
მშვენიერი ამინდი,გისოსებს მიღმა... შემოდგომა... და დედის უკანასკნელად მიწვდენილი ხმა შვილს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი