ქრისტეს ფობია


ცა მოიქუფრა და ადიდდა ზღვაში ტალღები,
როცა მესიას მხარს აჰკიდეს წამების ბოძი,
შემოესივნენ „ღორები“ და ირგვლივ „ძაღლები“,
ფურთხით აუვსეს გამომსყიდველს ტანჯული ხორცი.

უფლის სიკვდილში ხარბ იუდას დიდი ბრალი აქვს,
ღვთის ძეს გლოვობდა გეთსემანეს ნეტარი ხე-ტყე,
ყველა ხედავდა ტკივილისგან მტირალ მარიამს,
მკერდში იცემდა ძლიერ მჯიღებს მტირალი პეტრე.

მოწაფეები თოთხმეტ ნისანს რწმენით ვერ დახვდნენ, 
მათში იმედი სატანისგან იყო ნაცემი,
„იხსენი თავი!“ - სექტანტები ქრისტეს ეძახდნენ
და კვართს იყოფდნენ რომაელი ჯარისკაცები.

იუდამ სხეულს ვერაგობა არ აპატია,
იგი იმ დღესვე სუიციდის გახდა ძმობილი,
„მამა შეუნდე, არ იციან თუ რას სჩადიან“,
- ლოცვას ამბობდა ზეციერის მხოლოდშობილი.

დღეს გეუბნები: „სამოთხეში ჩემთან იქნები“,
- უთხრა ავაზაკს, რადგან მართლა მოინანია,
„ეს არის მხსნელი?“ ბევრს გაუჩნდა მსგავსი კითხვები,
მღვდლებში გამეფდა სიძულვილი დიდი ხანია.

მოკვდა უფალი და საწმინდრის ფარდა გაიხა,
ღმერთმა სამ დღეში გააცოცხლა მეფეთა მეფე,
დღესაც მრავალმა ჭეშმარიტი რწმენა გარიყა
და დაწყევლილი ლეღვის ხიდან ცუდ ნაყოფს კრეფენ.

ბრბომ შეიზიზღა შემოქმედის წმინდა სახელი,
ვიწრო გზის ნაცვლად ხალხი გაჰყვა ფართო ბილიკებს,
თანამედროვე ბაალის კერპთან დადეს სანთელი,
ცრუ ეკლესია უზენაესს ვერ შეირიგებს. 

მათ შეიყვარეს წარმართობა მთელი არსებით,
ბილწ ტრადიციებს ათეიზმი ბევრად ჯობია,
ყველგან გავრცელდა რელიგიის მეტასტაზები,
კაცობრიობას დაემართა ქრისტეს ფობია.

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი