ათასი წელი დაგელოდები
როცა იღიმი ანგელოზს გავხარ, მე შენი სუნთქვა მაცოცხლებს მხოლოდ, დაუვიწყებლად ფიქრებში მყავხარ, ამ სიყვარულს კი არა აქვს ბოლო. დღეს მონატრების წვიმაში მოვხვდი, მსურს რომ ღაწვები ცრემლისგან ვაშრო, ჩასახუტებლად ერთხელაც მოდი, ლამაზთვალება, კეთილო ბავშვო. ვართ წუთისოფლის სასტიკ ომებში, ერთმანეთისთვის მუდამ ვიბრძოლოთ, მწადს დაგიხატო სახლი რომელშიც მე და შენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. რომელი კაბაც მოგწონს ჩაიცვი, არ მსურს წაგართვა თავისუფლება, ნებისმიერი გრიმი წაისვი, არ მომბეზრდება შენი ყურება. დღეიდან გიძღვნი გულის სამეფოს, ბედნიერებით სახეცვლილია, რაც ყოველივე კარგი არსებობს, ძვირფასო, შენში თავმოყრილია. მე საიდუმლოს ვუყვები მთვარეს, ვის მოელიან ჩემი თვალები, არ გაპატიებ მხოლოდ ერთ რამეს თუ კი სიკვდილთან დაიმალები. სიყვარულზე რომ დავიწყე ლოცვა, ღმერთს შევღაღადე: „მამა, მიხსენი!“ მან მიპასუხა თხოვნაზე როცა შენგან უზომო სითბო ვიგრძენი. მინდოდა მეთქვა დიდი ხანია და მაბრკოლებდნენ შიშის ლოდები, მე შენ მიყვარხარ თანაც ძალიან, ათასი წელი დაგელოდები. ავტორი ლადო ქურთუბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი