განადგურდები, გწამდეს სატანავ!


ვინ იცის, იქნებ მამა ღმერთსაც ენაღვლებოდე,
მან ხომ ზეციდან მმართველობა გამოგატანა,
არ გაქვს უფლება ლუციფერად იწოდებოდე
და ქმნილებები გიგალობდნენ „ავე სატანა“. 

სიბრძნით იყავი აღსავსე და თან სრულყოფილი,
გფარავდა ლალის, ონიქსის და ზურმუხტის ქვები,
შენ საოცარი ქერუბიმი გქვია ყოფილი,
გაამპარტავნდი რადგან გქონდა ძლიერი ფრთები.

გაანაწყენე ანგელოზთა მთავარი, ღვთის ძე,
იობს ბრალს დებდი შემოქმედთან ყოველ მისვლაზე,
გაგადიდგულა სილამაზემ, მოგესპო სიბრძნე
და იეჰოვამ მოგისროლა ცოდვილ მიწაზე.

ფერფლად იქცევი ყველა შენი მნახველის თვალწინ, 
აღშფოთებაც კი დაეუფლებათ ადამიანებს,
კაცობრიობის პრობლემებში დიდი გაქვს ღვაწლი,
უფლის მარჯვენა სამუდამოდ დაგაზიანებს.

გულში ამბობდი, დავჯდებიო ვარსკვლავთა ზემოთ
და უზენაესს ჩამოვართმევ ღმერთის წოდებას,
განთიადის ძევ, დამცირების იგრძენი გემო,
შენ ამიტომაც ლუციფერი ვერ გეწოდება.

გამოგსახავენ რქებიან და წითელ არსებად,
დანტეს ჯოჯოხეთს რეალობად თვლიან ერები,
ბევრი მომხრე გყავს, დამარცხება მათ არ აცდებათ,
ანაფორაში გამოაწყვე ქრისტეს მკვლელები.

გრძნობ დიდ სიხარულს როცა ვიღაც ნახატს ადიდებს,
ევქარისტიის მიღებამდე კითხულობს ლოცვებს,
ეკლესიური რიტუალი შვებას განიჭებს,
ხარობ როდესაც ახალგაზრდა სიგარეტს მოწევს.

იქნებ ნანობდე თავდაპირველ განდგომილებას,
მაგრამ თავად ხარ უდიდესი ამპარტავნება,
სიცოცხლის შანსი შენ წაართვი პირველ ქმნილებას
და დააჯერე ტანჯვა არის უფლის განგება.

ძალა არ გქონდა, რომ შეგეპყრო სოფლის ღორები,
მეფემ გიბრძანა ლეგიონო ხორცის დათმობა,
ღმერთმა გიბოძა დედამიწის მართვა დროებით,
რადგან დამტკიცდეს ყველგან შენი უსამართლობა.

ვერ შემაშინებს მხეცი ზღვიდან ამომავალი,
მამაჩემისთვის შემიძლია დევნის ატანა,
თავს გაგიჭეჭყავს იეჰოვას შთამომავალი,
არმაგედონში დამარცხდები, გწამდეს სატანავ!

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი