იესო ქრისტეს აღდგომა


კაცთა მოდგმამ დაკარგა საოცარი ედემი,
წმინდა ანგელოზებმა განდგომილებს სძლიესო,
ჩაიშალა სატანის უწმინდური გეგმები,
როცა იშვა ბეთლემში ქალწულისგან იესო.

ღმერთი იყო ჩაგრულთა მწყალობელი, დამცავი,
სადაც ძელცმა ოდიდგან ებრაული წესია,
გზად წაუძღვა მოგვეებს დემონური ვარსკვლავი,
ოქრო, მური, გუნდრუკით განადიდეს მესია.

იზრდებოდა იესო შემოქმედის ცხებული,
არც ფიქრობდნენ წერილის აღსრულებას აპირებს,
მხსნელი როგორც ზეციდან ღვთის ძე განკაცებული
მოსანათლად ეწვია იორდანეს ნაპირებს. 

უდაბნოში უფალი გამოცადა მაცდურმა,
ქრისტეს მიერ სატანა სამჯერ გახდა გმობილი,
40 დღის მშიერი ვერაფერმა აცდუნა
მამის მოწმე, ქმნილება, ვაჟი მხოლოდშობილი.

გარდაცვილი ლაზარე გააცოცხლა ხელახლა,
განუცხადა ცოდვილებს ელ შადაის სახელი,
მღვდელთა გავერანებულ სამლოცველოს ეახლა,
ნცვიფრდებოდა იესოს მომსენი და მნახველი.

მიუტევა დედაკაცს ჩადენილი მრუშობა
და მიუგო: „დღეიდან აღარ აჰყვე ცდუნებას“,
ხალხმა გამოავლინა უვიცობა, ურჩობა, 
ქადაგებდა მესია კეთილ ცნობას, უწყებას. 

„მალე მტვერი დაფარავს დიდი ტაძრის შენობებს“, 
მოწაფეებს სიტყვების აღსრულებას დაჰპირდა,
ღმერთი შეიზიზღეს და ასმოდეას ემონეს, 
იუდამ კი უფალი ქისა ვერცხლზე გაყიდა.

გაიმართა სერობა პური, ღვინო აკურთხა,
თქვა: „ტანჯვა და აღდგომა ეს კაცის ძეს ეხება“,
გახსენების საღამო მოციქულებს აღუთქვა
და იუდა გამცემელს დანანებით შეხედა.

კიდევ უფრო იმატა მოწაფეთა ცრემლებმაც,
ქრისტემ ისევ ილოცა სამარცხვინო ძელცმამდე,
იესო კი შიშისგან შეპყრობილმა პეტრემაც
სამივეჯერ უარყო მამლის დაყივლებამდე.

იეშუამ იცოდა მოვლენები ყოველი,
მაგრამ შიშის სიტყვები მის ბაგეებს არ დასცდა,
ანგელოზი ეწვია ღვთის ძეს გვერდით მდგომელი
და იუდამ ჯალათებს ამბორებით გადასცა.

ღვთის გმობაში ბრალდებულს მიუსაჯეს სიკვდილი,
ხალხმა ბრძანა: „ძელს გაკვრა გოლგოთაზე მიეგოს!“,
ეკლებისგან დაწნული დამცინავი გვირგვინით,
მკვლელ ბარაბას ნაცვლადაც გაამეფეს იესო.

მხარზე ბოძი აკიდეს მღვდლებისაგან ბრალდებულს,
დაეღალა მესიას გაროზგილი სხეული,
აღსასრული დაუდგა სამ საათზე წამებულს,
იუდა კი ხრამშივე ნახეს ცხედრად ქცეული.

მორწმუნეთა გოდებას აღარ ჰქონდა საზღვარი, 
ზეციერი მათ ნუგეშს წმინდა სულით ეცადა,
სიკვდილის მძლე იესო მესამე დღეს აღმდგარი,
ჯერ მარიამ მაგდალელს ლოდთან გამოეცხადა.

ჩაცხრი ეშმაკისაგან მოვლენილო გრიგალო, 
განადგურდა ღმერთსა და ხალხთა შორის კედლები, 
„ქრისტე აღდგა!“ მხედრობამ ისე ძლიერ იგალო, 
რომ ჩვენს გულში ხელახლა დაიბადა ბეთლემი!

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი