მარადისობის კრუიზს გავყვებით
მჭირდები, როგორც კუნძულს ნაპირი, მიყვარხარ, როგორც ზეცას ღრუბლები, მფარველობ, როგორც მებრძოლს მახვილი, მამშვენებ, როგორც ხეს ალუბლები. მაცოცხლე მე შენს თვალთა ციმციმით, არ შემომხედო ტკბილო, ამრეზით, მახარე შენი წრფელი სიცილით, უშენოდ გული მიძგერს ხარვეზით. მათბობ, მზის სხივი როგორც ნიადაგს, რომელმაც სეტყვა გამოიარა, შენი ხმა უფრო ღვთის მადლს მიაგავს, რამაც განკურნა სულის იარა. იმედად მყავდი, ვითარც მახეში გაბმულ მთავარ მგელს ხროვა თავისი, ბევრმა გამაწნა სილა სახეში, აღარ მჯეროდა აღარავისი. სევდა ამბობდა შენთან ვრჩებიო, მაგრამ მომხვიე თბილი მკლავები, „არ მიგატოვებ, მეყვარებიო“ - მახსოვდა შენთვის დანაბარები. თავად შევქმენი ტანჯვის ბნელეთი, რადგან დაგკარგე ჩემი სინათლე, შენს გვერდით ყოფნის აბონემენტი თვალცრემლიანმა ბევრჯერ ვინატრე. ამას ხედავდა გულთამხილველი და აღგძრა ჩემთან მოსულიყავი, ეს სასწაული იყო პირველი მე რისი მომსწრეც თავად ვიყავი. გიამბე, ვინც კი გამოვარჩიე სულში ღალატი დამკვიდრებია, ერთადერთი ვარ ვინც შევამჩნიე შენს ზურგზე ისევ თეთრი ფრთებია. მუდამ გახსოვდი, მაგრამ ამჯერად ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით, სულ ერთმანეთთან გვსურდა დარჩენა, ვერც სიყვარულის ცეცხლს ჩავაქრობდით. მაოცებ, როგორც მფრინავს კოსმოსი, მამშვიდებ, როგორც მცურავს ტალღები, ჩვენ ერთად გავალთ ყოფის ბოლოში ან მუდმივობის კრუიზს გავყვებით. ავტორი ლადო ქურთუბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი