ჩემი სიცოცხლის ოლიგარქი ხარ


ხარ ღვთის სამეფო ოჯახის წევრი, 
სატანისთვის კი უცხო სრულიად,
განსაცდელებით გვებრძოდა მტერი,  
დღეს წმინდა სულით შემუსრულია! 

ადრე მეგონა მე ეს ზღაპარი, 
ყურს არ ვუგდებდი უფლის მსახურებს, 
მე მხსნელთან ვპოვე თავშესაფარი, 
„ერთგული მონის“ მიერ მაპურებს. 

მან შეიყვარა კაცობრიობა, 
მორჩილთ აღუთქვა მარად ცხოვრება, 
ურჩობით დაგმეს ღმერთის შვილობა 
და არ ისურვეს გამოსწორება. 

ამპარტავნების ცოდვა აწევდათ, 
შემოქმედს უმალ აზრი გაუჩნდა, 
რომ მიქაელი დაამარცხებდა 
ეშმაკს, რომელიც ცაში გაურჩდა. 

სატანამ გველი გამოიყენა, 
ევას მაცდურად გადააქცია, 
ღმერთმა თავის ძედ ვინც დაიყენა 
კაცობრიობას მხსნელად აწვია. 

დრო მოვა, როცა ცათა სამეფო 
იმმართველებს და არ დაიქცევა, 
დედამიწა კი კიდით კიდემდე 
ისევ სამოთხედ გადაიქცევა.  

როცა გიხილე ლამაზთვალებავ 
მომხიბლე შენი მშვენიერებით, 
ვიგრძენი სევდის გარდაცვალება 
და სულში გაჩნდნენ ცისარტყელები. 

იესო ამბობს: „მტრებიც გიყვარდეს“, 
მე შენ მოყვასი მიყვარხარ ასე, 
ძვირფასო, ნუთუ არ გამიხარდეს? 
ვარ წმინდა სულის თვისებით სავსე. 

მსურს ჩავიძირო შენს თბილ თვალებში, 
ჩემი ოცნების უძირო ზღვა ხარ, 
ვცხოვრობდი დროის ტრიბუნალებში, 
მეოთხე წელი ერთგგულობ, მწამხარ! 

სიყვარულია ცოდვის მფარავი, 
თავად სამყაროს შემოქმედია, 
ვინ შეგედრება? არსად არავინ, 
ჩემში ეს გრძნობა სისხლზე მეტია! 

ხედავ გულის კარს შენთვის გაღებულს? 
დავრწმუნდი უკვე ჩემი ნეკნი ხარ, 
დედამიწაზე ერთად აღებულ 
ყველა სიმდიდრეს შენ მირჩევნიხარ. 

ღმერთს შენზე კვლავ ვთხოვ „ის დაიფარე“, 
მარადიულად უნდა გიცქირო, 
უხმო რეჟიმზე გადავიყვანე 
სხვების ხმა, რათა სულ შენ გისმინო. 

ქრისტეს მხედარი აღთქმას არ არღვევს, 
ძლიერ რთულია მისი ცდუნება, 
შენ აგირჩიე და არ მანაღვლებს 
ქვეყნიერების შეხედულება. 

ჩვენი გაცნობის საოცარ ამბავს 
ტკბილო, წიგნად ვწერ უკვე წლებია, 
ეს სიყვარული შენდამი რაც მაქვს 
ყოვლადწმინდისგან ნასწავლებია.

ჩვენს ერთად ყოფნას მუდამ ისურვებს, 
ის ყველა დროის გენიოსია, 
ჩემი თვალები როცა გიყურებს 
გონება ამბობს: ანგელოზია! 

უფრო ადვილი სანახავია 
ყრუმ მოისმინოს მუნჯის გალობა, 
ვიდრე ოდესმე გადაგიყვარო, 
შენ გქვია ჩემთვის ზეცის წყალობა. 

მჯეროდა ჩვენი ურთიერთობის, 
თუმცა მარტოკა დავრჩი ფიქრებთან 
და ყურმოჭრილი ვინსეტ ვან გოგის 
მივხვდი გრძნობები მზესუმზირებთან.

მე გავუთიშე მრავალს ზარები, 
გადავივიწყე ყველა ამბავი, 
მსურდა მეხატა შენი თვალები 
მოდიალინის დაუხატავი.

როგორ ამეხსნა, რომ შემიყვარდი 
სულ რამდენიმე ლამაზ ღამეში? 
დაუვიწყარო, არავის ჰგავდი 
ღვთისგან კურთხეულ არემარეში. 

დედოფლობისთვის დაბადებულო,  
თვეები გადის, წლები მიჰქრიან, 
განა არ არის უმართებულო 
ახლა დავნებდე? არ შემიძლია! 

ეს მონატრება დღითიდღე მანგრევს, 
გულს დაგაფარებ დარდის წვიმაში, 
მე აგიყვავებ ზამთარში ატმებს 
და ამოგიყვან ვარდებს სილაში. 

მგზნებარე ცეცხლად გულში ანთიხარ, 
აღარც ემჩნევა ნაგრიგალები, 
ჩემი სიცოცხლის ოლიგარქი ხარ, 
მარადიულად შენ მეყვარები! 

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი