ჩემო ადამიანო


როცა ადამი დანაღვლიანდა 
ღმერთმა შეუქმნა ადამიანი, 
რომელმაც იგი განადიადა, 
ევასთან გახდა სულით მთლიანი. 

მას შემოქმედთან ურთიერთობა 
სიხარულს ჰგვრიდა, მაგრამ დამწუხრდა, 
თავისი მსგავსის სურდა შეცნობა, 
გულწრფელი ნატვრა უმალ აუხდა. 

მიწის მტვრისა და კაცის ნეკნისგან 
გამოიძერწა სრულქმნილი ევა, 
მამამ გაიგო არსი ცრემლისა, 
მარტოსულობის დაიწყო ძლევა. 

ის სამოთხეში დააბიჯებდა, 
არ არსებობდა სიკვდილი, ტანჯვა, 
ღვთის გარდა ხსნას ვინ მიანიჭებდა?
იხარა ქალით, მის გვერდით დარჩა. 

ევას შეეძლო ადამზე ეთქვა: 
„განსხვავებული არის არსება“, 
ყური დაუგდო მის გულის ფეთქვას, 
მიხვდა, რიტმითაც ჰქონდა მსგავსება. 

შენ შესაძლოა აღგაფრთოვანოს 
სხვისი სხეულის ნაზმა ნაკვთებმა, 
თუ სურვილები გონში ხმოვანობს, 
არ დაგიმონოს ხორცის განცდებმა. 

როცა დაჭკნება მისი ლოყები 
ვერ შეეხები მხურვალე ვნებით, 
შენც აღარავის მოეწონები, 
ორივე წახვალთ სხვადასხვა გზებით. 

ჯერ შეაღწიე გულის სიღრმეში, 
ფრთხილად შეეხე სულის კარიბჭეს, 
ის დამკვიდრდდება შენივ ფიქრებში 
და საუკუნო ხსნას მოგანიჭებს. 

მას თუ კი უყვარს ვოლფგანგ გოეთე, 
შენ ჭავჭავაძეს ეტრფიალები, 
მის აზრებსა და მიზნებს მოერგე, 
თუნდაც სხვაობის ჰქროდნენ ქარები. 

როცა მარტოკა ვხეტიალობდი 
და რწმენის მქონდა არეულობა, 
შენი გაცნობის მადლით ვხარობდი, 
შენში დავიწყე მოგზაურობა. 

მე მოვილოცე სულის ტაძარი, 
რიდით ვეახლე გრძნობის მწვერვალებს, 
მის ჩრდილში ვპოვე თავშესაფარი 
და შევებრძოლე ტანჯვის მზვერავებს. 

თვალი შევავლე დიად თვისებებს, 
აღმაფრთოვანა შენმა არსებამ, 
სულის მიუვალ ტახტზე იმეფებს
ეს სიყვარული, ეს შეფასება. 

გიშრისფერ თმების ნაზი სურნელით 
მუდამ დაატკბე ჩემი სამყარო, 
შენს თავმდაბლობას ლექსად ვუმღერი, 
მსურს გულზე გული გადაგაფარო. 

გთხოვ, ჩამეხუტე, ხომ ხედავ მცივა, 
უსიტყვოდ გესმის ჩემი წუხილი, 
როცა ცუდად ხარ, ცრემლები გცვივა, 
ჩემში ბობოქრობს ტანჯვის ქუხილი. 

გიყვარს სიმართლე, იცავ სხვებისას, 
გვაერთიანებს ბევრი მიზანი, 
ამქვეყნიური შეღამებისას 
მწადს აგარიდო ცოდვის ისარი, 

გაგიფერადო მთელი ცხოვრება, 
შენზე ვიზრუნო სახემზიანო, 
ღმერთმა ერთურთის შეგვქმნა ტოლებად, 
მიყვარხარ, ჩემო ადამიანო!

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი