მამა, მოვედი!


დაფუძვნებულია ლუკას სახარების 15:11—32–ზე

მამა - ღმერთი 
დედა - რელიგია/ორგანიზაცია
ძმა - თანამორწმუნეები/კრება
ოჯახი - რელიგიური გაერთიანება/საძმო
სახლი - რელიგიური შენობა/დარბაზი
  
მახსოვს, როდესაც წავიქცეოდი, 
მამი, ცრემლებით მწმენდდი ჭრილობას, 
ჩემს გამოუთქმელ წუხილს ხვდებოდი, 
პატივად ვთვლიდი მე შენს შვილობას. 
შენ მასწავლიდი დედის სიყვარულს, 
რომ მეარსება მისი რჩევებით, 
თუ არ შევწყვეტდი ამ გზით სიარულს 
გავიხარებდი ბედნიერებით. 
ახლაც ჩამესმის წამოძახილი
თანატოლთაგან – „დედის ბიჭია“, 
დეპრესიისგან ვიყავ დაღლილი, 
გულს მიკაწრავდა რაც კი ხიჭვია. 
დე, მენატრება შენი სურნელი, 
მა, როგორ მინდა ხელი მოგხვიო, 
არ მომასვენა ფიქრმა წუხელის, 
კვლავ გელოდება შენი ქოხიო. 
სულ ვკამათობდით მე და ჩემი ძმა, 
თქვენდამი სითბო გვქონდა საერთო, 
მისი გოდებით სახლი შეიძრა, 
როცა მტერს ჩვენში ცეცხლი დაენთო. 
ერთმანეთს ვგავდით ტყუპისცალივით, 
მაგრამ დამღალა გულისტკენებმა, 
მას იხუტებდით და მე ნარივით 
მრიყავდით, მტანჯა მსგავსმა სცენებმა. 
ეჰ, სინანული დამიგვიანდა, 
ახლა კი ვხვდები რარიგ ყოფილა, 
თქვენზე მზრუნველი ვინ მომიარდა? 
ძმასავით ტკბილი არვინ ყოფილა. 
მხოლოდ წყენას და კამათს ვხედავდი, 
უოჯახოდ ხომ ცხვრები კვდებიან, 
დე, მწოლიარეც აუგს ვბედავდი, 
შენ მაინც ღამე გითენებია. 
მე ვერ გამჩნევდი დაკოჟრილ ხელებს, 
სხვებს დავუჯერე შენი ლანძღვისას, 
ადრე პატარა გათოშილ ფეხებს 
შენთან ვითბობდი ყოველ ზამთრისას. 
შენ მიყვებოდი უამრავ ამბავს, 
გამოსადეგარ რჩევებს მაძლევდი, 
არ ვაფასებდი უდიდეს ამაგს, 
ხალხს ქატო ჰქონდა, მე ფქვილს მაჭმევდი. 
შენც მოგდიოდა ზოგჯერ შეცდომა, 
ჩვენთან ყოველთვის აღიარებდი, 
გვიან შევძელი შენი შეცნობა, 
თორემ არასდროს გიღალატებდი. 
მამა, შენ ხედავ რამდენს აკეთებს,
გთხოვ, დაიცავი მლანძღველებისგან, 
შურისძიებას ვინც კი დაეძებს 
განწირულია, - ვიცი დედისგან. 
ვერ გაგიფრთხილდი, მამავ, გამზრდელო, 
შენს მითითებებს ვთვლიდი ბორკილად, 
ჩემი ცრემლების დაღად განმცდელო, 
შენსავით ბრძენი ჯერ არ შობილა. 
ვერ მოვიშორე ბილწი ეჭვები, 
იქნებ სხვა სახლი უკეთესია? 
ძმას რომ გავანდე, მითხრა: მე ვრჩები! 
განდგომა მხოლოდ მხდალთა წესია.
ეს სახლი იყო სადაც ვისწავლე 
სიკეთე, ძმობა, კაცთმოყვარება,
ტრიუმფებისთვის რაც მე ვიწვალე,
თურმე ყოფილა მშობლის წვალება. 
სულ მაფრთხილებდნენ საფრთხის შესახებ, 
რომელიც გარეთ დაწანწალებდა, 
გამოქცევისას ვერსად ვერ ვნახე, 
რადგან უჩუმრად მასამარებდა. 
ყველა კანონით მზრდიდი ბრძენკაცად, 
მძიმე სასჯელით მტრისგან მიცავდი, 
როცა გავბედე შენი შერაცხვა 
ცუდ მამად, მაშინ ჩემ სულ ვბილწავდი. 
მე მოვაგროვე რაც კი გამაჩნდა, 
სიძულვილისგან სახლი დავტოვე, 
მოუშუშებელ დაღად დამაჩნდა 
შენი მკლავები რომ მივატოვე. 
დედის თვალები შავ ღრუბელს ჰგავდა, 
კარს წიხლი ვკარი მამის სასჯელად, 
მათ ერთი შვილით ნაკლები ჰყავდათ, 
ძმას დავაკვირდი უკანასკნელად. 
მასზე ვბრაზობდი, რადგან მიშვებდა 
ასე შორს გზაზე ჩაუხუტებლად, 
ვიცი, მოძებნას არ დამიწყებდა, 
სიყვარულს ვეღარ ვგრძნობდი უთქმელად. 
სადაც არ სურდა მამას, მივედი, 
მისგან აკრძალულს გემო გავუგე, 
ვერ დავინახე მახე მცირედიც, 
სურვილს სხეული ფეხქვეშ დავუგე. 
ყველას ვუამბე ამ ცუდ ოჯახზე, 
გავუზიარე გამოცდილება, 
რას ვიფიქრებდი, ასეთ ბრძოლაზე 
მეც მესაუბრნენ სხვების შვილებმა. 
მხოლოდ ჩემი ძმა მენატრებოდა, 
მას დავავიწყდი ასე ვფიქრობდი, 
ნეტავ ჩვენს სახლში დღეს რა ხდებოდა?
სიყვარულის ალს რისხვით ვიქრობდი.  
შემოვიარე მთელი სამყარო, 
ვერსად ვიპოვნე ჩემი ადგილი, 
ბიჭო, მამაშენს როგორ გავხარო!
მესმოდა დედის ტკბილი ძახილი. 
არ განვიცდიდი ძმების დანაკლისს, 
მაგრამ ოჯახის სითბოს ველტვოდი, 
არ მოვუხდიდი ბოდიშს არავის, 
თავისუფლებას ისე ვეტრფოდი. 
რა დაემართა ბიჭო შენს რისხვას, 
ნუთუ ეჭვების აგემღვრა წყარო, 
როცა მშობლებზე გისვამდნენ კითხვას, 
გახსოვს? ამბობდი ობოლი ვარო!
არ დავბრუნდები! უბრალოდ მტკივა, 
ნუთუ ღმერთს უნდა ასე დავეცე, 
დედამ რომ სითბო შემაბა მძივად 
დედამიწაზე ისეთს დავეძებ. 
მთლად შემეცვალა ძველი იერი,
უცხო ქუჩებში ვიხეტიალე, 
მძიმედ ვინანე ეს საქციელი, 
უძღები შვილის გზებით ვიარე. 
ნუთუ მიმიღებს მლანძღველს ოჯახი, 
ეგოისტურად მეფიქრებოდა, 
ისევ ნათელი მქონდა ოთახი? 
ძმა ხელგაშლილი თუ დამხვდებოდა? 
მორბის მოხუცი, მორბის გოდებით, 
ამ დროს ვინატრე მიწის გასკდომა, 
დამძიმებული ვდგავარ ცოდვებით, 
და უცებ მისგან მესმის: მადლობა.
გვარიდან ვიყავ გამონარიცხი, 
მეუცნაურა მისი ქმედება, 
ყველა ეპოქის მავნე ხალხიც კი 
არ მიატოვეს მხოლოდ დედებმა. 
მე გაგიმეტეთ შვილზე გლოვისთვის, 
მაგრამ ეს შვილიც კარგად ვერ იყო, 
ამოიოხრე, გმადლობ მოსვლისთვის, 
დიდხანს გელოდა შენი დედიკო. 
ეს თმაჭაღარა მამაშენია, 
„დაბრუნდებაო!“ ქუჩას უცქერდა, 
შენს თავს არავინ არ ურჩევნია, 
შენს ძამიკოზეც დარდი უწევდა. 
რაც მიგვატოვე გაქრა ხალისი, 
შენს ძმას არ სურდა ცუდის მოსმენა, 
ყველა ვიყავით შესაბრალისი, 
აღარ შეგვეძლო მეტის მოთმენა. 
ვუახლოვდები ეზოს გალავანს, 
კვერთხით მომავალ ვხედავ ბერიკაცს, 
მე მონატრებულ ვაღებ დარაბას, 
მისგან მოველი ნაცნობ შერისხვას. 
სახლს მიღმა ყველგან არის საღორე, 
ეჭვით მოვტყუვდი, ჭორით გავბრუვდი, 
ცრემლის ბურთულა გადავაგორე, 
მამას ვემთხვიე: სახლში დავბრუნდი!
მისმა თვალებმა მომკლეს მაშინვე, 
მომიგო: ვიცი, დაგცეს ბრძოლებმა, 
ამ მძიმე კვერთხით, შენ რომ გაშინებს, 
მინდა დაგიცვა მთელი ცხოვრება. 
ძმა სიხარულით შემომეგება, 
გელოდებოდი, მითხრა ომახით, 
თუ კი ჩვენ შორის ვინმე შედრკება, 
ერთმანეთს ვყავართ, როგორც ოჯახი!  
ადამიანი წუთისოფელში
ცოდვას ვერასდროს განირიდებსო, 
მაგრამ მამა ჰყავს მიუწვდომელში 
ვინც გადაარჩენს, – ამბობს იესო. 
უძღებ ძესა და დაკარგულ ცხვარზე 
იგავ-არაკი მისგან თქმულია, 
ღმერთს და კაცს შორის დედამიწაზე
მარადიული სიყვარულია!

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი