როგორც მერლინი არტურს, ისე დაგელოდები
ნამდვილ მეგობარს არასოდეს გაუვა ვადა, შენზე ფიქრები მახარებს და საოცრად მათბობს, ახლა ყველაფერს ვისურვებდი სიკვდილის გარდა, რადგან სიცოცხლე გელოდება, გეძახის, გნატრობს. სულ მეყვარები და დაგიცავ, მოგეცი აღთქმა, მე განვიზრახე ყოველივე გულწრფელად მეთქვა, მეამაყები, მენატრები, ახალი რა ვთქვა? შენ რომ დასრულდე, გულმა უნდა შეწყვიტოს ფეთქვა. ვინ დაგვაშორებს? არ შობილა ასეთი ვინმე, სხვა პრინცესებში შეგამჩნიე დედოფლად მდგომი, არ მიგატოვებ, სამყაროში ვიცოცხლებ ვიდრე, მე და შენ ერთად წუთისოფელს მოვუგოთ ომი. მსურს სულ გისმინო, ხალხის უკვე ჩავახშე ხმები, ეთო, ძვირფასო, უფლის შემდეგ გულწრფელად გენდე, მიყვარდე? მწამე? მუდამ უნდა მჯეროდეს შენი? მიყვარხარ, მწამხარ, დაგიჯერებ სიკვდილის დღემდე, არ გაიფიქრო, ეს გრძნობები რამეში ვცვალო, „მიყვარხარ, ეთო!“ ვარსკვლავებით დაგიწერ ცაზე, თუნდაც რომ მითხრან, აღსასრული გიდება ხვალო, არ გავიკარებ გონებაში მსგავს ფიქრებს სხვაზე. ეს გრძნობა არის რეალური, წმინდა და მკვეთრი, ერთგულება ხომ არასოდეს არაა ძალით, შენს გამო მზად ვარ, შევაგებო ტყვიასაც მკერდი, მე არასოდეს შემოგხედავ მრისხანე თვალით. მეგობრებს შორის პირველი ხარ და გქვია ბოლო, ვინც შენს გულშია, ღმერთო ჩემო, როგორ უმართლებს, რა შემიძლია? წერილები მოგწერო მხოლოდ, და ბედნიერი ჩავეხუტო კვლავ შენს სურათებს. არ მოგატყუებ, დამიჯერე, არ გკადრებ ღალატს, მთელი ცხოვრება შევალიე სულთა შეცნობას, არც ერთ საკითხზე არ დაგიწყებ, იცოდე, კამათს, და გაპატიებ ნებისმიერ მძიმე შეცდომას. წლები რომ გავა, აღმოაჩენ, მიყვარხარ როგორ, ვერ შეგედრება დედამიწის ოქროს ზოდები, მე შეგიყვარე, უნაზესო ღიმილა გოგო, როგორც მერლინი არტურს, ისე დაგელოდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი