უპირობო სიყვარულის ტრიუმფი: იესო ქრისტეს მემკვიდრეობა


საუკუნეებია რაც იესო ქრისტეს ამბავი მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შთააგონებს და აღძრავს. მისი სწავლებები სიყვარულის, მიტევების და ხსნის შესახებ უამრავი ინდივიდისა და საზოგადოებისთვის ცხოვრებისეული სახელმძღვანელოა. წამების ძელზე უფლის მსხვერპლი უღრმეს და უმნიშვნელოვანეს მოვლენად რჩება ადამის შვილთა ისტორიაში. 

სიკვდილის წინ მაცხოვარმა ცრემლიანი მზერა ზეცას მიაპყრო და ყოვლის შემოქმედს კაცობრიობა შეავედრა: „მამა, აპატიე, რადგან არ იციან რას აკეთებენ“. ეს ძლიერი და ემოციური მიმართვა ურყევ სიყვარულს, გულწრფელ პატიებას და მტკიცე რწმენას მოიცავს. 

ეს სიტყვები შეხსენებაა ყველასთვის, რომ ყველაზე ბნელ მომენტებშიც კი არსებობს იმედი და იესო ქრისტეს მადლს ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. 

ჩემო საყვარელო შვილებო, დედამიწაზე ჩემი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა. მე ვკვდები. ვკვდები ყველაზე სამარცხვინო, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფორმით - ხის ბოძზე გაკვრით. ებრაელები მოსეს კანონის მიხედვით ასე მხოლოდ ღვთის მგმობელ ბოროტ ადამიანებს ექცევიან. მათთვის სიცოცხლის სიტყვა მოვიტანე, მარადიული ხსნის შესახებ უწყება, რაც მამამ დამავალა, მაგრამ არ მიიღეს და ცილი დამწამეს თითქოს თავს იეჰოვა ღმერთს ვუტოლებ. ეს სატანის მიერ შთაგონებული და გავრცელებული აზრია. მე ყოვლისშემძლე ღმერთი კი არა უფლის პირველი ძე, მთავარანგელოზი, მომავალი მეფე და ზეციერი პრინცი ვარ. 

აი, ასე აღმოვჩნდი აქ, ყველასგან მიტოვებული და ჩემი უნიკალური ქმნილების, ადამიანის სიყვარულისთვის ადამიანისგან უარყოფილი და სისიკვდილოდ გამეტებული. 

ძელზე ჩამოკიდებისას ფრჩხილების მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, რაც რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხებსა და ხელებს გადაეცა. ეს საშინელი ტანჯვა იყო, თითქოს მთელი არსება დაუნდობელმა ლავამ მოიცვა. დამძიმებული სხეული მკლავებსა და კოჭებს დაეყრდნო. 

ლურსმნებით დასერილი მაჯის და ბასრი ეკლებით დახეთქილი თავის ტკივილს გულისტკივილი აღემატება. ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა და მიმდევრებმა მიმატოვეს. დედაჩმემაც კი, რომელსაც ყოველთვის ვენდობოდი, თითქოს სახე მომაშორა. თავს სრულიად უმწეოდ ვგრძნობ. 

კაცობრიობის ცოდვებიც მამძიმებს. ყოველი ადამიანის შეცდომა, ვისაც ჩემამდე უცხოვრია და ვინც ჩემს შემდეგ იცხოვრებს, ახლა მანადგურებს. 

ვიცი, ჩემი მსხვერპლი საჭიროა, ეს ერთადერთი გზაა ადამიანთა გამოსყიდვისა და ღმერთთან მათი გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენისთვის. მშვიდად ვარ, ვინაიდან მჯერა, გამოსასყიდი ხსნას მოუტანს ყველას, ვინც მირწმუნებს. 

შვილებო, მინდა გესაუბროთ სიყვარულსა და პატიებაზე, რადგან ეს არის ჩემი გზავნილის არსი. მე ამქვეყნად მოვედი, რათა გაჩვენოთ იეჰოვასკენ მიმავალი გზა, რომელიც ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულია. ვიცი, შეგიძლიათ სიყვარული, მე და მამამ ჩვენს მსგავსად შეგქმენით, მაგრამ ძალიან ხშირად შიშით, სიხარბით და სიძულვილით გული და გონება გებინდებათ.

თქვენ ერთმანეთს ტკენთ, ჩაგრავთ და ხოცავთ რელიგიის, რასის და ეროვნების სახელით. თქვენ დაგავიწყდათ, რომ ყველა ღვთის ქმნილებები და თანასწორები ხართ უზენაესის თვალში. ხიდების ნაცვლად კედლეები ააშენეთ და ბოროტების დამძლევი ერთადერთი იარაღი, სიკეთე განდევნეთ. 

ამ სიბნელის მიუხედავად მე მაინც მიყვარხართ. მიყვარხართ მარადიული სიყვარულით, რომელსაც ვერცერთი ცოდვა, ვერცერთი სირცხვილი და ვერცერთი შეცდომა ვერ ჩააქრობს. იმდენად მიყვარხართ, რომ მზად ვარ მოვკვდე თქვენთვის, საკუთარ თავზე ავიღო ის სასჯელი, რაც დაიმსახურეთ, ვინაიდან სამუდამოდ იცოცხლოთ.
 
მე გპატიობთ ყველაფერს რასაც ჩემს წინააღმდეგ აკეთებთ, ყოველ ჯერზე როცა უარმყოფთ და ყველა იმ დროს, როცა ჩემში ეჭვი გეპარებათ. მე გპატიობთ, რადგან ვიცი სუსტი ხართ და ჩემი მადლი გჭირდებათ ნაკლოვანებების დასაძლევად. 

მე ვიცი, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება კვლავ ეჭვი შეჰქონდეს ჩემში, შეიძლება მაინც უარმყოთ და სიბნელეში სიარული აირჩიოთ, მაგრამ მაინც მიყვარხართ და გპატიობთ. გაშლილი ხელებით გელოდებით, მზად ვარ თქვენს მისაღებად, მზად ვარ თქვენი ჭრილობების მოსაშუშებლად და მზად ვარ ახალი ცხოვრების მოსაცემად დედამიწაზე სამოთხეში. 

ჩემო ძვირფასებო, მოგიწოდებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. აპატიეთ ერთმანეთს, როგორც მე გაპატიეთ. იყავით კეთილი და მოწყალე, როგორც თქვენი ზეციერი მამა, იეჰოვაა. უპირველეს ყოვლისა, გწამდეთ მისი და ჩემი. 

მე ყველა სახის ადამიანური ტკივილი გამოვცადე, ჯერ კიდევ ზეცაში ყოფნის დროს, ჩემი მეგობრები, ქერუბიმი და ანგელოზები, ახლა უკვე სატანა და მისი დემონები, ჩემს წინააღმდეგ წავიდნენ, დედამიწაზე მოსვლის შემდეგ საყვარელი ნათესავები გარდამეცვალნენ მამის ჩათვლით, უახლოესმა მეგობრებმა მიღალატეს, გამცეს, მიმატოვეს, უარმყვეს, იმ ადამიანებმა, რომლებზეც ყოველდღე უსასყიდლოდ ფიზიკურად და სულიერად ვზრუნავდი, ზურგი მაქციეს, უმადურობა გამოავლინეს, ოჯახის წევრებმა, ხორციელმა ძმებმა დამამცირეს, სულელი მიწოდეს, მხარი არ დამიჭირეს და ბოლოს ერმა სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა. ვაცნობიერებ, ცხოვრება ტკივილით სავსეა. ვიცი როგორია თავს მიტოვებულად, მარტოსულად და დაღლილად გრძნობდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ წყვდიადშიც არსებობს იმედი.
 
მე მალე წავალ წუთისოფლიდან, თუმცა სულიერად მუდამ თქვენთან ვიქნები. როცა სევდა შეგიპყრობთ, იეჰოვას ჩემი სახელით ესაუბრეთ და დაუყონებლივ დაგეხმარებით. მე ვარ სიბნელისგან გამნათავისუფლებელი, ერთადერთი იმედი, სინათლის ბილიკი, საიმედო თავშესაფარი, უცვლელი ჭეშმარიტება, ყურადღებიანი შუამავალი და საუკუნო სიცოცხლე. განა შემიძლია მივატოვო ის, ვინც სიცოცხლეზე მეტად შევიყვარე? არასოდეს გაქცევთ ზურგს!

ღმერთს უსაზღვროდ უყვარხართ. მას შეეძლო დედამიწაზე სხვა ანგელოზი გამოეგზავნა სრულყოფილი მამაკაცის სახით, რომელიც მსგავსი უნაკლო მამაკაცის, ადამის მიერ ჩადენილ და მთელი შთამომავლობისთვის მემკვიდრეობით გადაცემულ ცოდვას საკუთარი სიცოცხლის გაღებით გამოისყიდდა და მკვდრეთით აღდგომით ყველას მომავლის იმედს მოუტანდა. მაგრამ არა, მამამ თავისი პირველი ვაჟი მომავლინა, თავისი პირველი შვილი შეურაცხყოფისთვის, ტანჯვისა და სიკვდილისთვის გამიმეტა. ამით მან ადამიანის მოდგმას შეუდარებელი სიყვარული დაუმტკიცა. 

უკვე ყოველი ამოსუნთქვა ბრძოლას დაემსგავსა. ფილტვები ცივი ჰაერით გამევსო. ცემისგან დალურჯებული კუნთები მტკივა. გაუწყლოებული კანი მეწვის. დავიღალე, ძალა გამომელია. მიუხედავად ამისა, არაფერს ვნანობ. აქა-იქ შემორჩენილი მღვდლების სიცილი ჩამესმის. ეჰ, დედაჩემი მოთქვამს. მალე ჩემს ცხედარს ჩამოხსნიან. ცა იღრუბლება.

აღსრულდა! მა... 

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი