სენდაის ზღვისპირა ქალაქი


ვიცი, დღეს სიზმრად მოხვალ და
ამ სიზმრებს მძივივით დამიბნევ,
მე ვამბობ - ოცნებებს ვაშენებ,
შენ ამბობ - მოვალ და დაგიმსხვრევ.

ბუნდოვნად შემომრჩა კადრები,
ხეებიც მიცქერენ შორიდან,
მე ვამბობ - ტკივილებს ვეღარ ვგრძნობ,
შენ ამბობ - მოვალ და მოგიტან.

და როგორც ნაპირებს ზღვისპირა,
ქალაქის ასკდება ტალღები,
შენც აღწევ ჩემს გულში მარტივად
და მერე ყველაფერს აწყდები. 

სენდაის ზღვისპირა ქალაქი,
საკურა ყვავილობს ახლიდან, 
შენ ამბობ - ვერ შევძლებთ სიყვარულს,
მე  ვამბობ - დავიწყებთ თავიდან.

 ვნატრულობ ჩვენს სახლთან გაბმული, 
სარეცხის თოკების მავთულზე, 
პატარა ბავშვების ტანსაცმელს, 
კიდებდე ჩვენივე სართულზე. 

ჩვენ ვგავართ დაკარგულ ფიგურებს, 
მე კი გზას შენამდე გავიკვლევ, 
მე ვამბობ - ოცნებებს ვიჯერებ, 
შენ ამბობ - მოვალ და დაგიმსხვრევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი