ჩვენ იგივე ვართ


როცა დროდადრო გაიმეტებ ჩემთვის სიყვარულს,
წლები ეცდება გამუდმებით ჩემგან გმალავდეს,
ზოგი ეჩვევა მარტოობას და უჯობს კიდეც,
მე კი ამ გრძნობის საწამლავი უნდა მწამლავდეს.

ვერ იგუებდეს უშენობას ჩემი თითები,
ურცხვად სცდილობდნენ გაქცეოდნენ იმ სინამდვილეს, 
ამ სიყვარულით რომ მტანჯავდი, თუმც არაუშავს,
ეპატიება ყველაფერი შენს სიყმაწვილეს.

ჩვენ იგივე ვართ, მაგრამ ახლა სხვა გზით დავდივართ, 
ეს სიყვარული ამდენ ტანჯვად იქნებ არც ღირდეს, 
შენი თვალები გადმოსახლდნენ ჩემი ფიქრიდან
და თვითნებურად ჩემს ლექსებში ბინა დაიდეს.

სულაც არ ვცდილობ დაგივიწყო ახლა ძვირფასო, 
შენს აივანთან კვლავ ვაგრძელებ ღამის გათევას,
შენც სხვების მსგავსად, დაგიმონა ამპარტავნობამ, 
ვერ გადაურჩი სიყვარულის ფიცის გატეხვას. 

ახლა  ბუნებაც აცეკვდება ჩვენთვის ამერთხელ, 
ღამე იქნება ამ მეჯლისზე ჩემი მეწყვილე,
შენ კი ლექსებში ჩაგისახლებ რომ არ გამებნე, 
ჩემს სტრიქონებში ითარეშებ ქართა ხელმწიფევ.

ბოლოს მომიღებს სიყვარული ეკალ-ბარდებით,
გოლგოთის გზაზე გამატარებს ნაცნობი სევდა,
მე ღმერთზე მეტად გირწმუნე და დაგკარგე ბოლოს,
და იმის მერე მეც სხვებივით უღმერთო მერქვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი