გავლენ დღეები...


გავლენ დღეები, შეიძლება წლებიც უშენოდ,
ამომიშენებს მარტოობას, შენი თვალები,
მიდიხარ ასე, სევდიანი, მაგრამ უცრემლოდ,
და მე ვხედავ, რომ ოდნავადაც არ გებრალები. 

და არც ის ვიცი, თუ ოდესმე შეძლებ დაბრუნდე,
ქალაქში სადაც, ქუჩებსაც კი დააკლდი თითქოს,
ლექსს, რომ ვწერ ფიქრობ ვსევდიანობ, მაგრამ მერწმუნე,
ასე უბრალოდ ვლოცულობ და არაფერს ვითხოვ.

ფუჭია ჩემი გადარჩენის ყველა მცდელობა,
ჩემთან გიჟები მოდიან და მოაქვთ ქაოსი, 
მე რომ მოვკვდები, დამაწერეთ საფლავის ქვაზე
ბევრი უსისხლო, უსახური ლექსის ავტორი... 

გადავრჩებოდი, თავის დროზე, რომ არ მეწამე,
ახლა უბრალოდ მიდიხარ და უფრო მშორდები,
ერთხელ იყავი, შეგიყვარე სულით ზეცამდე
და აწი ალბათ, აღარასდროს განმეორდები.

რომ ვერ ავიტანე,შენი მონატრება, 
ყველა არტერია ერთად გავიჭერი,
სწორედ ამიტომაც, ახლა დღეის მერე,
შავი სიკვდილია ჩემი კავალერი.

კრული ღამეა, და ახლა ჩემთვის,
ავგაროზია შენი თვალები,
შენ კი არაფერს მიყვები ახლა,
არ გწყურივარ და არ გენატრები. 

ღამეა, ისევ ვიწყებ ლოთობას, 
მიჩურჩულებენ ამბებს ქარები, 
და როგორც ხალხი, ებრძვის კეთროვანს, 
მეც მიცილებენ ჩუმად ტაძრები. 

გავლენ დღეები, წლებიც უშენოდ, 
და დამივიწყებს შენი თვალები,
შენ გააგრძელებ ყოფნას უჩემოდ,
მიდიხარ შორს  და არ გებრალები..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი