მალე მოვკვდები
მალე მოვკვდები დიდი ტკივილით, რავქნა, არ ვფიქრობ ახლა დავბერდე, თვალებს აგივსებ, მალე ტირილით ნაცვლად იმისა დარდებს გართმევდე. მე ესე ვფიქრობ, არ შეუძლია ჩემი გაძლება, წყეულ სამყაროს, უმთვარო ღამეს ერთი სულიაქვს, ჩემი სიკვდილის ცნობა გახაროს. მე ვერ შევძელი ჩემო ძვირფასო, ტკივილებისგან შენი დაფარვა, მაგრამ შენ მაინც გაგიჭირდება, როცა მოვკვდები ჩემი დამარხვა. ხო მძიმე არის გოლგოთის გზა და, ასჯერ მძიმეა ჩემი ცოდვები, შენ ისევ მიცდი და მეც არვიცი, ღმერთთან საუბარს როდის მოვრჩები. ვესაუბრები, მხოლოდ ლექსებით, შენზე ვლოცულობ ყველა სიტყვიდან, შენ კი იმას გთხოვ, შენს ფანჯარასთან ფრჩხილებს ნერვულად ნუღარ იკვნიტავ. ჯერ არ მომკვდარა შენი პოეტი, ლექსების წერას აგრძელებს ისევ, შენც დაგიგროვდა ყელში სათქმელი, და უთქმელობას იტან და ითმენ. ასე უსიტყვოდ მიცქერ და სდუმხარ, ღმერთიც არ გვწყალობს, ახლა ცოდვილებს. მე კი რადგანაც, მქვია პოეტი, ვეღარაფერი მადებს ბორკილებს, და ვწერ იმდენს რომ, ფიქრობ გავგიჟდი და შეიძლება ასეა მართლა, რავქნა ვერ ვიგებ რა საჭიროა, ჩვენი გრძნობების ხალხისგან მალვა. გაფრენას მთხოვენ, მაგრამ საფრენად დღეს აქ არავინ ფრთებს არ მიმაგრებს, სწორედ ამიტომ აქ დასარჩენად, აღარაფერი აღარ მიტაცებს. ქუჩებს ვერევი, ვლოთობ ხანდახან, დღეც ამერია, თვეც და რიცხვებიც, ერთი ჩვევა აქვთ ადამიანებს, მანამ ვუყვარვართ სანამ ვჭირდებით. ხო ეს ასეა, თუმც არ ვთაკილობ, ჩვენ ზუსტად ასე გვიყვარს ღმერთებიც, იცი ძვირფასო, მალე მოვკვდები თავს დაგანებებთ მეც და ლექსებიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი