მოგიპარავენ, მე ხომ ვიცი ქვეყნად რაც ხდება


სიბნელე საბნად მოფარებულ, მიცქერენ მთები, 
ვნატრულობ ახლა გადარჩენას მზის ამოსვლამდე, 
მაშინ როდესაც სიყვარულზე მღეროდნენ სხვები,
გარიყულობამ მიმიყვანა თვითმკვლელობამდე.

მე დიალოგებს ვერ ვასრულებ ჩემს ტკივილებთან,
შენ ალბათ გძინავს, ტკბილი ძილით თან რახანია, 
შენთან მოსასვლელ გულის გზების ცივ კარიბჭესთან
სამთავიანი ცერბერევით დგას აპათია. 

შრამად შემორჩა, უშენობა ჩემს მყუდრო ოთახს,
იქვე ბუხარიც ვეღარ ათბობს, როგორც სჩვევია. 
ჩემი ცხოვრება დაემსგავსა ბავშვობის კოშმარს, 
სადაც ვერასდროს ვერ გპოულობ ალბათ  ბედია.

დღეს ფოთოლცვენის ბოლო დღეა ჩემო ძვირფასო,
შენც მაკლდები და ფოთლებივით გემშვიდობები,
ხვალ დეკემბერო ნუ ეცდები შემოითავსო,
ძველი და ახლად დამიმატო სხვა ჭრილობები.

შენ სიყვარულო გევედრები არ გამიძნელდე,
როგორმე ვცდილობ ღამეები არ გავათიო,
ერთხელ ვნატრულობ დაღლილ სხეულს რომ დამიზელდე
მერე თუგინდა სიყვარული არ მაპატიო.

თვითონაც იცი, რომ უშენოდ რაღაც მაკლია
ვიბრალებ ნერვებს, ვეურჩები გრძნობებს ეჭვიანს
რომ ვერაფერი გადამარჩენს ესეც ცხადია
ოდნავ ნასვამს და სიყვარულით ეპილეფსიანს

საღამო იყო შემოდგომის ერთი უბრალო,
ყვითელ ფერებში შეიღება ქუჩის მანტია
მთვარე მესტუმრა, მომისმინა, მითხრა ვწუხვარო
და მთვარე მაინც რომ არ მტოვებს ესეც კარგია.

დამააავადა სიყვარულმა შხამად შეყრილმა,
სულ ავირიე არც ის ვიცი სულში რახდება 
გამოგიგონე  და როგორც თქვა ერთ დროს შექსპირმა
,, მოგიპარავენ მე ხომ ვიცი ქვეყნად რაც ხდება
შენ რომ გიხილავს ანგელოზიც ქურდი გახდება"


ვასრულებ ახლა შენს ქუჩებში ღამე სიარულს,
ვჩუმდები, რადგან უშენობამ, რომ არ დამღალოს
ნეტავ ოდესმე გაიგებდე ამ ჩემ სიყვარულს,
რომელიც ახლა ყველა ნერვით იგრძნო სამყარომ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი