იღიმი ბავშვივით
იღიმი, ბავშვივით, კოხტა და ლამაზი, ბავშვივით იკრავდი ყავისფერ დალალებს. სუნთქავდი ჰაერით, რომელიც სჩვევიათ, ნაცრისფერ, ხალხმრავალ ცოფიან ქალაქებს. მიყურებ თვალებში და შიში გეტყობა, ბავშვური და თანაც ამ შიშებს არიმჩნევ, თვალებზე მზისფერი სხივები ერთობა, როდესაც ქუჩაში ღიმილებს არიგებ. რა ვქნა, რომ ცხოვრება, ყოფა და სიცოცხლე რა ვქნა რომ პატარას მარტივი გეგონა, ხვდები რომ ოცნება ხდებოდა ხანმოკლე ხვდები რომ გაზრდილხარ , პატარა გოგონა. მერე კი ცხოვრება მოგტაცებს ბავშვობას, მშიერი, შენს დაღლილ სხეულსაც მიათრევ, და ზიზღის თვალებით იძულებ დიდობას როდესაც ტკივილით, მხეცივით ღრიალებ. იგუებ ცხოვრებას, ეჩვევი ტკივილებს, ერევი სოციუმს და შიშიც გიქრება, გაჰყურებ ტალღებზე, გადამხტარ თოლიებს და მერე მათსავით გაფრენა გინდება. იზრდები, მშვენდები პატარა გოგონა, და მერე მიწაზე ამაყად აბიჯებ, იღიმი ბავშვივით, კოხტა და ლამაზი და ისევ ქუჩაში ღიმილებს არიგებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი