შენ ჩემი ლოცვის ყველა სიტყვა ხარ
შენ ჩემი ლოცვის ყველა სიტყვა ხარ, ყველა მძიმე ხარ, ყველა წერტილი. ღმერთმა დაგიცვას, სადაც დადიხარ მე კი აქ ვრჩები ობლად შთენილი. შენ რომ იცოდე როგორ მაკლიხარ, და რამდენ სანთელს ვანთებ ლოდინში, დაბრუნდები ალბათ ოდესღაც, და ჩვენ ორივე დღეს ღვთის მოშიშნი. გავაგრძელებდით უხმოდ საუბარს, ისე როგორაც გვიყვარდა ერთ დროს, მე შენს სიყვარულს ვინახავ დღემდე, მაგრამ არვიცი როდემდე მეყოს. წამით შეგნიშნე ქუჩის გადაღმა, კვლავინდებურად ისევ ანათებ, მე კი მერწმუნე, იმ ხის ჯვარივით მძიმე განსაცდელს მარტო ვატარებ. მიკრავს სასუნთქ გზებს მწველი ფიქრები, შუაღამისას ამ მონატრების, შენ სახეს ისევ მოაქვს ჩემამდე, ხმები ნაცნობი ქარბორბალების. წლები გაირბენს, მე დავბერდები შენც შეგერევა თმებში ჭაღარა, ეჰ საყვარელო ნეტავ იცოდე, თუ უშენობამ როგორ დამღალა. შენ ჩამოივლი კვლავ მხიარული, ყველა ტკივილს და დარდს მორგებული, მე კი დავრჩები უხმოდ, უსიტყვოდ, როგორც უბრალო შორისდებული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი