სიკვდილის მერე
სიკვდილის მერე, ანგელოზები, თუ უცხო ღრუბელს მიმაბარებენ. თუ შემეშინდა, ნუ გამიწყრებით, მე მივეჩვიე საკუთარ ბინას. იქ თეთრ ღრუბლებში, მოუსვენარი, თუ ჩემი სული ვერ დაეტია, მას ენატრება, ის ვინც ელოდა, ის ვინც ცოცხლობს და მუდმივად გმინავს. განშორება რომ წამში ჩავტიე, აბა რა გითხრათ, ვინ შემეკითხა. სადღაც გადაწყდა, რომ უნდა გავქრე, თქვენ კი სანთელით მიგონოთ მუდამ. იცოდეთ, ზემოთ ვეხვეწე ყველას. ვერ შემისრულეს პატარა თხოვნა. თქვენ ნუ მოიწყენთ, მე მოვიფიქრებ, როგორი ფორმით დავბრუნდე უკან. თუ კი გავთოვდე, რომ გამიცივდეთ, სანანებელი გამიხდით წამით. და რომ გავწვიმდე, არ შეეფაროთ, თმას დაგიკოცნით ჩემივე ნამით. სულ რომ ყვავილად გამოგეცხადოთ, ღეროზე ეკლით, წითელი ვარდით. ან, რომ მზეს მოვყვე, ნათელი სხივით, ისევ და ისევ თუ შეგიყვარდით. მაშინ იცოდეთ, შემიმსუბუქდა, სიკვდილი, ბინა თეთრი ღრუბლების. მაშინ იცოდეთ, მე სულ ვიფიქრებ, როგორი ფორმით დავბრუნდე უკან. მაგრამ ყოველთვის მომენატრება მე იანვარი, თეთრი უბნების. თქვენი ხმაური, სიცილ-კისკისი. თვალს მოგადევნებთ მაღლიდან, ჩუმად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი