ხუთი იანვარი
ეძღვნება ჩემს პატარა ძმას ხომ არსებობენ ადამიანები, რომ გაიზრდები, ის რომ გინდა გამოხვიდე. მისნაირად რომ იცმევ, სიარულის მანერას რომ ბაძავ, რაც მას მოწონს, შენც რომ იგივე მოგწონს. რომ ვეღარ არჩევ კარგს იღებ მისგან, თუ ცუდს, მაგრამ ყველაფერს აკეთებ, რომ ის იყო... მისნაირი... ასეთი იყო ჩემი უფროსი ძმა. ერთი სული მქონდა, როდის შემეძლებოდა ისე მეცხოვრა, როგორც მას. სახლში გვიან დავბრუნებულიყავი, ლამაზად ჩამეცვა, წვერი გამეპარსა ხოლმე, სიბნელეში ვმჯდარიყავი საათობით და რაღაც შორეულზე მეფიქრა. ძალიან ღრმა და საინტერესო იყო. ხელოვნება უყვარდა. გაუგებარ ფილმებს უყურებდა, სევიდან სიმღერებს უსმენდა, აივანზე მუდამ სიგარეტს ეწეოდა გრაციოზულად და თან მოძველებულ წიგნებს კითხულობდა. ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო... რამდენჯერ გამიფიქრია, გავხდებოდი, თუ არა ოდესმე მისნაირი. მისი ოთახი ძალიან პატარა იყო. მისი კედლები სავსე იყო პოსტერებით. ცნობილი მსახიობებით, მუსიკოსებით, წიგნიდან ამოგლეჯილი ლექსებით და გუაშით დაწერილი ციტატებით. ერთერთმა წარწერამ დიდი კვალი დატოვა ჩემში „ -შთაგონება და ფიქრია საწყისი ადამიანის... „და ჩემი უფროსი ძმა სამუდამოდ გახდა ჩემი შთაგონება და საფიქრალი, ბევრი მიზეზის გამო, რასაც მოგიყვებით... სახლში მოსულს, როდესაც დედა ეკითხებოდა როგორ ჩაიარა მისმა დღემ, ყოველთვის პასუხობდა, რომ ჩვეულებრივად, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მარტივად იკითხებოდა, რომ საშინელი, ძალიან დამღლელი და სტრესული დღე ჰქონდა. სულ მინდოდა მივსულიყავი და მეკითხა რამე ხომ არ უჭირდა, რამეში ხომ ვერ დავეხმარები, მაგრამ ვერასდროს გავბედე, ის ხომ ჩემი უფროსი ძმა იყო. ახლა ვიაზრებ, რომ შეიძლება ვჭირდებოდი, რადგან იმის მიუხედავად, რომ ყველას ძალიან გვიყვარდა და მის გვერდით ვიყავით, თავს მაინც ძალიან მარტოსულად გრძნობდა. იყო მომენტები, როდესაც ჩვენთვის გასაკვირად მისთვის უჩვეულო ხასიათზე იყო ხოლმე. თამაშობდა, ცანცარებდა, ცეკვავდა, მღეროდა, სასაცილო ამბებს იგონებდა, მოკლდ მთელ ოჯახს გაგვართობდა ხოლმე, მერე დაიღლებოდა, მოგვიბოდიშებდა, რომ მისი აზრით დრო დაგვაკარგვინა და ოთახში გამოიკეტებოდა. მოკლედ, ვერანაირად ვეხმარებოდით, ვერ ვხვდებოდით რა აწუხებდა, რა დარდს მალავდა, რატომ იყო მუდამ განმარტოებული და დანაღვლიანებული. იშვიათად ჩემთან მოდიოდა, წამეთამაშებოდა, ჩემთვის უხერხულ თემებზე დაიწყებდა საუბარს. ემჩნეოდა, რომ უფროსი ძმის პასუხისმგებლობების შესრულებას ცდილობდა, მე კი გულდასმით ვუსმენდი, ხელს ვუწყობდი პასუხისმგებლობების შესრულებაში. ერთხელ ისიც კი მითხრა: ”-მე არ დამემსგავსო არასდროს, კარგი იყავი, ბედნიერი, ოჯახს გამოადექი, დედას მოესიყვარულე, მამას გვერდში ამოუდექი.“ თავს ვუქნევდი, ვეთანხმებოდი, მაგრამ ერთადერთი რაც ამ ცხოვრებაში მინდოდა, ის იყო, რომ მისნაირი გავმხდარიყავი, თუნდაც ეს მას არ სდომებოდა... კიდევ უფრო პატარა რომ ვიყავი, უნდა ვაღიარო, ძალიან ვეჭვიანობდი. კი, ჩემი უფროსი ძმა ყველას უფრო მეტად უყვარდა. მშობლებს, ნათესავებს, ოჯახის ახლობლებს... ყველა მასზე საუბრობდა, ყველა მას აქებდა, ყველა მას ედგა გვერდში. მე ხშირად ვიჩაგრებოდი. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, სულ ასე მეგონა, რომ მან სიცოცხლე დამასწრო. დაბადება დამასწრო. სიყვარული დამასწრო. მერე მე თვითონ ყველაზე მეტად შემიყვარდა. ერთ უჩვეულო ღამეს იყო ერთი ეგეთი საინტერესო მომენტი, როდესაც სახლში გვიან დაბრუნებულს მე დავხვდი იმ აივნის სკამზე, სადაც ღამეებს ათევდა ხოლმე და ასეთი პატარა დიალოგიც კი შედგა: - რატომ ზიხარ აქ, გაცივდები. - არაფერია, შენ გელოდებოდი, შევალ ახლა დავიძინებ. სწრაფად ავდექი და გამოსვლა დავაპირე, როდესაც კარში ჯერ არ გასული მომაბრუნა: - მოიცა, რაზე ფიქრობდი? - არაფერზე ისეთზე. - მაინც, რა არის ეს არაფერი. - ვფიქრობდი, რისი ეშინია ჩემს უფროს ძმას ყველაზე მეტად-თქო. - და რატომ დაგაინტერესა ამან? - ალბათ, იმიტომ, რომ არასდროს გითქვამს... სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და ცეცხლი გაუკიდა. იფიქრა, იფიქრა... ვერ მივხვდი იმაზე ფიქრობდა, რისი ეშინია თუ, იმაზე, გაემხილა თუ არა. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა. ალბათ, ჩემში რაღაცნაირად სულის მეგობარი დაინახა და არა უმცროსი ძმა. აუღელვებლად, წყნარად მიპასუხა: - სიკვდილის... ჩემს ძმას, რომელმაც სიცოცხლე დამასწრო, სიკვდილის ეშინოდა თურმე. რატომ თქო, რომ შევეკითხე ასეთი რამ მიპასუხა: - თუ ღმერთს ზემოთ მოწყენილი არავინ სჭირდება, თუ ღმერთი დავამძიმე ჩემი დარდებით, თუ მსუბუქად ვერ ვიფრინე მაღლა, თუ არაფერში გამოვადექი ზემოთ არავის და თუ ვერ ვიპოვე ჩემნაირი პატარა ოთახი, კედლებზე წარწერებით, რა ვქნა მერე, სად წავიდე, აბა, მიპასუხე. გაეცინა, თითქოს ირონიითაც კი მიპასუხა, შემდეგ თავზე ხელი გადამისვა, გამიღიმა და დასაძინებლად გამომიშვა. რა დამაძინებდა... ვფიქრობდი, ვფიქრობდი. და ამეტირა. ასეთი იყო ჩემი ძმა. ჩუმი, იდუმალი, მძიმე და ჩაფიქრებული. ხუთი იანვარია. უშველებელი თოვლი დგას გზებზე. ძალიან ცივა. ჩემი უფროსი ძმის დაბადების დღეა. ეს ის დღეა, როდესაც მთელი ოჯახი იკრიბება, რადგან მას ეს დღე განსაკუთრებულად უქციონ და შეახსენონ მისი ფასი მათ გულებში. უცნაურად კარგ ხასიათზე იყო ჩემი ძმა. ხუმრობდა, გუნდაობდა, თოვლში კოტრიალობდა, გაჰყვიროდა, რომ ოცი წლის გახდა და უხაროდა, ძალიან უხაროდა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ამ ყველაფრის შემხედვარე ყველას, განსაკუთრებით კი მე, როგორ გვიხაროდა. ვცდილობდი ავყოლოდი ხუმრობებში, გუნდაობაში და თავს არ ვზოგავდი სიამოვნება მიმენიჭებინა მისთვის. ეზოში შეკრებილი ჩვენი მთლიანი ოჯახი და მისი რამდენიმე მეგობარი დროს სასიამოვნოდ ვატარებდით. ეს ის დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, როგორ უციმციმებდა თვალები, როგორი ბედნიერი იყო. იმედს ვიტოვებდი, რომ ამ დღის შემდეგაც ასეთივე იქნებოდა და არასდროს ჩაქრებოდა მასში ეს ანთებული თვალები. მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ სახლიდან ოდნავ მოშორებით მაღაზიაში წასულიყვნენ მანქანით და ცოტა სასმელი დაემატებინათ. წამიერად გაიქცნენ, მძღოლი თავის ადგილას დაჯდა. მე თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი, რადგან ყველასთვის დამესწრო წინ დაჯდომა, თან ყველაზე პატარა ვიყავი და არც არავის უცდია დამჯიბრებოდა, გასაკვირად ჩემი უფროსი ძმისა, რომელიც თეთრ, მოყინულ გზაზე ძალიან ჩქარა მოსრიალებდა, რათა ჩემთვის წინ დაჯდომა დაესწრო. ვერ აღვწერ ეს რამდენად სასაცილო იყო. მე და ჩემი უფროსი ძმა მივრბივართ, თან მივსრიალებთ, ვჭიდაობთ, ვიბრძვით იმაზე, თუ წინ ვინ დაჯდება. ეს საოცარი შეგრძნება იყო. ერთმანეთს ვუყურებდით და ვიცინოდით, გაუჩერებლად ვიცინოდით. საბოლოოდ თოვლმა თავისი ქნა და მე დავეცი, ჩემმა ძმამ კი დამასწრო, ძალიან სასაცილოდ ენა გამომიყო და წინა სავარძელზე დახტა. ვიცინოდი, ვერ ვჩერდებოდი, ალბათ საუკეთესო წამები იყო ეს ჩემთვის, ასე არ გავრთობილვართ მე და ჩემი უფროსი ძმა. ცოტა ხელოვნურად გავბრაზდი და საერთოდ აღარ ჩავჯექი. უკანა სამი სავარძელიც შეივსო და მანქანა ჩქარ-ჩქარა გაეცალა სახლს. დაღლილმა ამოვისუნთქე. ოჯახის წევრები, რომლებიც გუნდაობით ერთობოდნენ წუთით შესვენება გადაწყვიტეს და სახლთან ახლოს, ფანჩატურში დავჯექით. ველოდებოდით. ველოდებოდით. ველოდებოდით. ხუთი იანვარი იყო. თეთრი ღამე იყო. ჩუმი. მე ვიჯექი, ღრმად ვსუნთქავდი და ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, როგორ დამასწრო ჩემმა ძმამ მანქანამდე მისვლა და თან ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიცინოდი ჩემთვის. ყველას ტელეფონზე ზარი შემოდის. არ წყდება. ყველა წამებში პასუხობს ტელეფონს. სიჩუმეა. თეთრ ქუჩაზე ცისფრად მოელვარე შუქები და ხმაური ჩნდება. ყურში წუილი ჩამესმის. ვკითხულობ, რა ხდება. სიჩუმეა. გზაზე ისევ ცისფრად მოელვარე შუქები და ხმაური ჩნდება. სახანძროს მანქანა, სასწრაფო დახმარების მანქანა და უკან პოლიციის მანქანაც მიჰქრის იქით, საითკენაც ისინი წავიდნენ. ავარიაში მოყვნენ... სავსე მანქანაში, სადაც ხუთი ადამიანი იჯდა, მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა... ჩემი უფროსი ძმა... რომელმაც წინ დაჯდომა დამასწრო... რომელმაც სიკვდილი დამასწრო... ჩემზე ოდნავ დაბალი იყო, მას დედის გენები ჰქონდა, მე მამის. წაბლისფერი თმა ჰქონდა, თვალებიც იმ ფერის და თვალის გუგებში შავი წვრილი ხალები ჰქონდა. ულვაშები ჰქონდა ბაბუასავით. ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტებოდა. სახლში გვიან ბრუნდებოდა ხოლმე, ლამაზად ეცვა. სიბნელეში იჯდა საათობით და რაღაც შორეულზე ფიქრობდა. ძალიან ღრმა და საინტერესო იყო. ხელოვნება უყვარდა. გაუგებარ ფილმებს უყურებდა, სევიდან სიმღერებს უსმენდა, აივანზე მუდამ სიგარეტს ეწეოდა გრაციოზულად და თან მოძველებულ წიგნებს კითხულობდა. ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად ის უყვარდა. ასე მეგონა სიცოცხლე დამასწრო. იმდენად ეგოისტი იყო, რომ სიკვდილიც კი დამასწრო. მის უკანასკნელ ხუთ იანვარს ისეთი ბედნიერი იყო, ისე იცინოდა, რომ დარწმუნებული ვარ ზემოთ ძალიან ბედნიერი და მსუბუქი დაფრინავს. თანაც, თავისი პატარა ოთახიც აქვს, კედლებზე წარწერებით და პოსტერებით. ძილისიწინ ვფიქრობ და ვფიქრობ. მერე, მეტირება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი