ერთგულება


ზღარბუნიას, შემოდგომის
გრილი წვიმით ნასველებს,
ყელი გასციებია და
აცემინებს, ახველებს.

ზღარბის სახლში ცხოველები
არ შედიან საერთოდ,
არც მალავენ _ ეშინიათ
გრიპი არ გადაედოთ.

კოდალას კი, იქვე კაკლის
ხეს რომ უკაკუნებდა,
ზღარბის კვნესა შემოესმა,
გაუფუჭდა გუნება.

ვის რად უნდა ფრთებ და ნისკარტ
ცარიელი მნახველი?!
უცებ ამოინისკარტა
ცხრა ცხრატყავა ძახველი.

მივიდა და მოიკითხა,
ეფერება, თან ართობს,
არც ნისკარტი მოარიდა
სურდოიან ავადმყოფს.

ორჯერ ოფლი მოადინა,
გაუმშრალა ეკლები.
უთხრა: მალე მოგეშვება,
მალე გამოკეთდები.

საბანს თბილად დააფარებს,
გვერდებს შემოუკეცავს.
გაუთბება ზღარბუნიას
თათუნებიც, უბეცა.

ეგ კი არა, იფანცქალეს
სიხარულით ეკლებმა.
კოდალას არ ეზარება,
მტკივან თავზე ევლება.

ცხოველებმა ძღვნად მოართვეს
ჟოლოს, მარწყვის ტორტები...
კოდალა კი ეფერება,
გვერდიდან არ შორდება.

რომ დაფიქრდე, უცნაური
არაფერი მომხდარა _
განუყრელი მეგობრები
გახდნენ ის და კოდალა.

ცოტა ხანში მოიხედა
ავადმყოფმა ეკალამ,
ნახა, მისი სახლის კართან
საჩუქრები ეყარა...

მაგრამ იცის ზღარბუნიამ,
დღეს კოდალას დობილმა,
რომ ყველაზე დიდი ძღვენი
ერთგულება ყოფილა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი