ვინ არის კარგი ადამიანი


*************************
-- ვინ არის კარგი ადამიანი?
--კარგი? არც არავინ, უფრო სწორად, ყველა კარგია.... და ყველა ცუდი.
--შენ ხარ კარგი, ოღონდ მე მგონიხარ მხოლოდ. კარგი ხარ, ხოო.... მაგრამ უარყოფითიც ბევრი გიპოვე. მეც კარგი ვარ და, მეც ბევრი ცუდი თვისებით გამოვირჩევი. ცუდი ხარ.... მეც ცუდი ვარ და, ერთმანეთის ნაკლს რომ ვხედავთ და საკუთარ ცუდ თვისებებსაც ვხვდებით - კარგები მაგიტომ ვართ. მოკლედ, კარგები ვართ და ცუდები.
არ მეგულება კარგი ადამიანი დედამიწაზე.
არავინ არის ცუდი ამ ქვეყანაზე.
გადავწყვიტე, საკუთარი თვისებები მომეძევებინა. უარყოფითმა გადააჭარბა და მივხვდი, რომ არ ვყოფილვარ კარგი. მას შემდეგ, ჩემს თვისებებს ვითვლი. როცა კარგად ვარ, უამრავი კარგი აზრი და თვისება მოდის და, როცა ცუდად-- ბოროტი აზრები ისე შემომეპარება, რომ, ძალაუნებურად, ცუდი ვხდები.
ერთ მშვენიერ დღესაც საკუთარი თავი დავაჯერე, წარმოვიდგინე, რომ ყველა კარგი თვისება მქონდა და ყველაზე კარგი ვიყავი. ჩემში გავაღმერთე საკუთარი თავი და ჩემივე მეორე „მე“ შემიყვარდა. ყველაზე საუკეთესოდ ჩავთვალე და ყველაზე მეტად შემიყვარდა ჩემივე სხვა „მე“. ჩემშივე მიყვარდა ჩემი თავი, და მივხვდი, რომ ეს ცუდი იყო, რადგან, რეალურად, სვისი თვალიდან დანახული, შეიძლება სულაც ერთი უბადრუკი ვინმე ვარ. რომელიც საკუთარ თავში წარმოსახვითი იდეალური „მეს“ მეხოტბე უფრო გამოდის და, რეალურად მხოლოდ ერთ უცნაურ გოგოდ რჩება, რადგან წარმოსახვითს არაფრისდიდებით არ ემთხვევა რეალური. ორი სხვადასხვა სამყარო აღიმართება, რომლის ერთ მთლიანობაში გააზრება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზოგჯერ ძალიან მიჭირს, გამოსავალი მინდა და სიყვარულს ვეძებ. თითქმის არც ვეძებ, თავად მოდის, მაგრამ სიყვარული რომ ვიგრძნო, ჩემ თავზე მეტად შენ უნდა მიყვარდე, გაღმერთებამდე. ფიქრით იწყება ყველაფერი... შენც ხომ შენ თავში არსებული შენი „მე“ გიყვარს? მიყურებ და ფიქრობ, შეგიყვარებ თუ არა გაღმერთებამდე. იქნებ არც მე გიყურებ და არც შენ, უბრალოდ, სიყვარული დაიარება და ბინას ეძებს, და მოულოდნელად, ერთმანეთისთვის ამ გრძნობის თავშესაფრები ვხდებით. მერე კი ვიპოვით გაღმერთებამდე სიყვარულს! სწორედ ამ დროს იქნება სამყარო ყველაზე ლამაზი და მეც ყველაზე ბედნიერი, რადგან ჩემში არსებული მეყვარები შენ, და არა სხვა “მე“.


 2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი