გიცნობ?
სინანული ჩამოდგა სქელ კვამლად ჩემს ოთახში და მკაცრად მომმართა, -- მოინანიე. უმიზნოდ ცხოვრება მოინანიე,ფიქრები მოინანიე.ფიქრები,რომელთაც უკუნეთ წყვდიადში მიჰყავხარ,მთელ იდუმალებას ეხეთქები,გშრეტავენ და გაშრობენ ენერგიისაგან. საკუთარ ოთახს ვიყენებ ფიქრის წინააღმდეგ.ვკითხულობ, ირგვლივ წიგნებია. დაღლილი თვალები კედელს მივაპყარი. ჰაერში სტრიქონები აციმციმდნენ.დავიღალე, დავიღალე და მაინც ვფიქრობ. ახლა წაკითხულზე ვფიქრობ,შემდეგ აბსურდულ ასოციაციებს ვავლებ ჩემს ჩხოვრებასთან და ირგვლივ მყოფებთან.ეს ბრძოლაა. ჰო, ფიქრთან ბრძოლაა... იცი,შენზეც ვფიქრობ, ბავშვი კი არა,უკვე ქალი ფიქრობს, თანაც შენზე.რომ შემეძლოს შენთან მოვინანიებდი თითოეულ დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას,მაგრამ ისე შორს ვარ შენგან,რომ ახლოს ყოფნის აღარც სურვილი და აღარც გზა არ მესახება.შენ? შენ რას გრძნობ ნეტავ? მგონი შენც ფიქრობ,ოღონდ ისე,როგორც დიდი ხნის,გადაქანცული კაცი იფიქრებდა.რამდენჯერ გნახე, ყოველი ნახვისას ქალის თვალებს ეძებდი. დიდი დრო გავიდა... არ მინდა გიცნობდე. ჯერ უნდა მიყვარდე,რადგან როცა გაგიცნობ მთლად უნდა ვგრძნობდე,რომ უკვე მიყვარხარ. თვალებიდან ცრემლები ჩამომდის. თავს წამომდგარ სინანულს თბილად ეღიმება. -- მხოლოდ სიყვარულით უნდა იცხოვრო. შენ თუ ნანობ ნეტავ? ოდესღაც შენთანაც მოვა ვეება სინანული და იგივეს გეტყვის. - "მხოოდ სიყვარულით უნდა იცხოვრო"! ღია ფანჯრიდან მიდიოდა უზარმაზარი სინანული და ჩურჩულებდა, -- ბოლოს მარტოობაც უნდა მოინანიო. -- ეგ როგორ? -- ეგეც სიყვარულით. მ.მირუაშვილი 2014წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი